სტატიები
,,პროკურატურის ეზო" - 1 ნაწილი

 

რევაზ გოგიაშვილი ამბობს, რომ მოსამართლის თანაშემწემ მას, პროცესის შესახებ, ერთი საათით ადრე აცნობა.

 

,,გარდა იმისა, რომ პროცესის შესახებ ტელეფონით ერთი საათით ადრე მეცნობა, რწმუნებულების ვადა უკვე გასული მქონდა. 17 ივნისს ამოეწურა ვადა. მუნიციპალიტეტში  გაყოფის პროცესი და სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობდა. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში გამგეობამ საკუთარი ინტერესების დაცვა ვერ შეძლო. სასამართლომ განხილვის გარეშე დააკმაყოფილა გელა ტალახაძის სარჩელი" - აცხადებს რევაზ გოგიაშვილი.

 

მოსამართლის გადაწყვეტილება რევაზ გოგიაშვილმა კერძო საჩივრის სახით გააპროტესტა და, სწორედ, ის არგუმენტები მიუთითა, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, მუნიციპალიტეტში ფორსმაჟორულ სიტუაციას ასახავს. მოსამართლემ ეს არგუმენტები დაუშვებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარის გამოუცხადებლობის ასეთ მიზეზებს არ იცნობს.

 

მოგვიანებით, როცა ქალაქის და რაიონის მუნიციპალიტეტების გაყოფა დასრულდა, რევაზ გოგიაშვილის დაწყებული საქმე გორის მერიას, როგორც სამართალმემკვიდრეს,  გადაეცა. რევაზ გოგიაშვილი  რაიონის გამგეობაში იურიდიული სამსახურის უფროსად დანიშნეს, ქალაქის თვითმმართველობაში კი ანალოგიურ სამსახურს თემურ მანველიშვილი ჩაუდგა სათავეში. 

 

თემურ მანველიშვილი აღნიშნავს, რომ ყოფილი მუნიციპალიტეტის წაგებული საქმის გამოსწორება მერიას, ამჟამად, სააპელაციო სასამართლოში უწევს.

 

,,სააპელაციო სასამართლოს მივუთითეთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხარეები მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული. ამისათვის, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა გამოვიყენეთ და ეს არგუმენტი ჩვენი, მერიის საჩივარში მივუთითეთ" - აცხადებს თემურ მანველაშვილი. მერიის იურისტი ამტკიცებს, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა რევაზ გოგიაშვილს მითითებული არ ჰქონდა. 

 

რევაზ გოგიაშვილი კი დღეს გვიმტკიცებს, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მისი მოფიქრებულია, თუმცა მსგავსი რამ გორის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არაა ნახსენები; სასამართლოს გადაწყვეტილებაში არც ისაა ნახსენები, რომ სატელეფონო შეტყობინების დროს, რევაზ გოგიაშვილს მოსამართლის თანაშემწე, გამოუცხადებლობის შესახებ, გაფრთხილებული ჰყავდა. კერძოდ, ის, რომ  18 ივნისს მუნიციპალიტეტის გამგებლის პაპუნა კობერიძის მინდობილობის ვადა გასული იყო.

 

ამ იურიდიული ნიუანსების წყალობით მერიას სახელმწიფო ხარჯების გადახდა უწევს, წაგებული პროცესების გამოსწორებას კი ცალკე რესურსები მიაქვს. იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ პროკურატურის სკვერში მიწის ნაკვეთის მფლობელი არაკეთილსინდისიერი მფლობელია, სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, თვითმმართველობას, შესაძლოა, უფრო ნაკლები ,,სასჯელი" დაეკისროს. ამაზე კი რევაზ გოგიაშვილი არ ფიქრობდა.

 

,,გელა ტალახაძე მიწის კანონიერი მფლობელია, ის მართალია, მართალი." - აცხადებს თვითმმართველობის ინტერესების ,,დამცველი" რევაზ გოგიაშვილი.

 

იხ. ვიდეო

 

მომდევნო ნაწილში ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ გახდა გელა ტალახაძე პროკურატურის ეზოში, სკვერის მფლობელი.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები