ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსით 3 ადამიანია დაინფიცირებული
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, 14-წლის მოზარდს. ამის შესახებ ოსურ მედიასთან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სანიტარული სამსახურის უფროსი, მარინა კოჩიევა საუბრობს.

„სამ მოქალაქეზე, კორონავირუსის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ტესტის პასუხები ჩრდილოეთ ოსეთში მყოფმა კოლეგებმა შეგვატყობინეს. პაციენტები იზოლირებულები არიან და ექიმების მეთვალყურეობს ქვეშ იმყოფებიან.“ - განაცხადა კოჩიევამ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდგომ, განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ საზღვარზე კონტროლი უნდა გამკაცრებულიყო.

„უამრავი ადამიანია, ვისაც სამხრეთ ოსეთში, თავის სამშობლოში უნდა დაბრუნება, თუმცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს უსაფრთხოებაზე. ამისათვის უნდა დავადგინოთ რესპუბლიკაში შემოსვლის წესი. ამ წესრიგის გამო ჩვენთან ორი თვე არ დაფიქსირებულა კორონავირუსი. ეს ადამიანი ვისაც დაუდასტურდა, იმყოფებოდა კარანტინის რეჟიმში და გამორიცხულია მისი კონტაქტები საავადმყოფოს მიღმა. გადაწყვეტილებები სწორად არის მიღებული და ზუსტად უნდა დავიცვათ.“ აღნიშნა, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

covid-19 პირველად დაუდასტურდა 14 წლის ბიჭს, რომელიც რესპუბლიკაში, 30 აპრილს, ვლადიკავკაზიდან შემოვიდა. ხოლო 2 ახალი შემთხვევა, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს დაუდასტურდათ, ცხინვალში 5 მაისს ჩავიდნენ." - აღნიშნულია სტატიაში

რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთს, ამჟამად covid-19 ის 1342 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გარდაიცვალა 9 და გამოჯანმრთელდა 197 ადამიანი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები