ახალი ამბები
საქართველო უცხოელ ტურისტებს 1-ელი ივლისიდან მიიღებს
საქართველო უცხოელ ტურისტებს 1-ელი ივლისიდან მიიღებს. ამის შესახებ დღეს, 7 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ელი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებთან. ეს მოლაპარაკებები დაწყებულია,“ – თქვა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტურიზმის არის ის დარგი, რომელიც პანდემიის შემდეგ პოსტკრიზისულ ეკონომიკაში საქართველოს განვითარებას შეუწყობს ხელს.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისულფდება.

გარდა ამისა, მისი თქმით, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, ანუ წლის ბოლომდე.

,,აქ ვერ დავპირდებით ვერავის სრულ ჩამოწერას, მაგრამ ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შეიძლება,” – თქვა გახარიამ.

მისივე თქმით, მანამდე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 50-ნომრამდე სასტუმროებს მთავრობა სესხების სუბსიდირებაში უკვე დაეხმარა, რითაც რამდენიმე ათასმა კომპანიამ უკვე ისარგბელა. პოსტ-კრიზისული გეგმის ფარგლებში კი ეს ჩამონათვალი ფართოვდება.

,,დღეს ვაწესებთ ახლ ნორმას: ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბურნვა არის 20 მილიონ ლარამდე. 5 მილიონის სესხის ფარგლებში პროცენტის 80 პროცენტს დავასუბსიდირებთ, რაც ასევე სერიოზული მხარდაჭერა იქნება”, – განაცხადა გახარიამ.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომაზე დააკონკრეტა, რომ სესხის სუბსიდირების ეს პროგრამა სასტუმროების ბიზნესის 95%-ს ფარავს. მისი თქმით, პროგრამა 6 თვე გაგრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები