ახალი ამბები
გადასახადი, რომელიც გორის სოფლებში პანდემიის დროს გადაახდევნეს, ჭაბურღილის ელენერგიის ხარჯია
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაურკვევლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, როდესაც მოსახლეობას ,,წყლის გადასახადი" გადაახდევინეს. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, როგორც ცნობილია, მომხმარებლები ამ გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან.

Qartli.ge-მ გაარკვია, რომ ეს გადასახადი, ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარავად, შეაგროვეს. ათეულობით სოფელში სასმელი წყალი ჭაბურღილის მეშვეობით მიეწოდებათ. ჭაბურღილი კი ელექტროენერგიაზე მუშაობს.

გორის მუნიციპალიტეტში ასამდე ჭაბურღილი ააიპ ,,გორის წყალმომარაგებისა და წყალარინების სამსახურის" ბალანსზეა. დიდი რაოდენობით დავალიანების დაგროვების თავიდან აცილების მიზნით, ქვითრები მაინც დაარიგეს.

სამსახურის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ თუკი თანხა ვერ შეგროვდება, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ,,ენერგოპრო" დენის შეწყვეტას მაინც არ აპირებს. საგანგებო მდგომარეობა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 22 მაისამდეა გამოცხადებული.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ჭაბურღილის ელექტროენერგიის გადასახადი თითო ოჯახზე ყოველთვიურად 5-დან 7 ლარამდე მერყეობს.

მთავრობის 2020 წლის 3 აპრილით დათარიღებული დადგენილების თანახმად, 3 თვის განმავლობაში დენზე, გაზზე, წყალზე და დასუფთავებაზე შეღავათები დაწესდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები