ახალი ამბები
გორში კორონავირუსი ,,ემბავუდის“ თანამშრომელს დაუდასტურდა
გორში კორონავირუსი ,,ემბავუდის" თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის გამო 8 ადამიანი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, ძირითადად, ავეჯის მაღაზიის ,,ემბავუდის" თანამშრომლები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული წარმომადგენლის, ეკა ქორჩაშვილის თქმით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

ნიმუშების პასუხს ელოდებიან დაავადებული ქალის შვილისგანაც, რომელიც ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს, თუმცა ეკა ქორჩაშვილის თქმით, შვილის კონტაქტები თითქმის არაა, რადგან ის სამსახურში დისტანციურად მუშაობდა.

,,ქალბატონს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი. ამჟამად მიმდინარეობს მისი თანამშრომლების კვლევები, ნიმუშები გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ასევე შემოწმებას გადიან ოჯახის წევრები, მისი შვილის ნიმუშებიც გაგზავნილია ლაბორატორიაში. შვილი სამსახურში დისტანციურად მუშაობდა, ის ერთერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელია. დისტანციური მუშაობის მიუხედავად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლებს მაინც უტარდებათ კვლევა. ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 8 ადამიანი იმყოფება,"- აღნიშნა ეკა ქორჩაშვილმა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კი კიდევ 3 ადამიანი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბის თქმით, 9 ახალი შემთხვევიდან 1 ინფიცირებულის წყარო დაუდგენელია:

,,გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში იყო 828 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 9 ახალი და სულ გვყვავს 837. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მხოლოდ 3-ით გაიზარდა, იყო 694 და გახდა 697. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში ახმჟამად მკურნალობს 127 დადასტურებული შემთხვევა. 9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 არის სამედიცინო პერსონალი, სამი გახლავთ საკარანტინო ზონიდან, 2 გახლავთ უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირი, დარჩენილი ერთი ახალი ინფიცირებულის წყარო დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიური კვლევა,"-აღნიშნა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

სულ საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 697, ხოლო გარდაიცვალა 13.

Print

სტატიის გამოყენების პირობები