საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი შემთხვევებიდან სამი პაციენტის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობას უკავშირდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ხუთი შემთხვევა იმპორტირებულია, ასევე ინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის ორი წარმომადგენელი.

„13 პაციენტის განაწილება ასეთია: სამი პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ ლილოს ბაზრობა; ერთი პაციენტის – გაჩიანი; ხუთი შემოტანილი შემთხვევაა და აქედან ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია; ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი; ორი – სამედიცინო პერსონალი. ერთი შემთხვევაში კი, კონტაქტებისა და წყაროს მოძიებაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1117 შემთხვევაა დადასტურებული.  სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 917-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 183 მოქალაქე იმყოფება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები