ახალი ამბები
ცხინვალის იზოლატორიდან ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მეჯვრსიხეველი ხვიჩა მღებრიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ცოტა ხნის წინ, ერგნეთის საგუშაგოზე საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს.

მღებრიშვილს 3-თვიანი პატიმრობის ვადა 3 ოქტომბერს ეწურებოდა, თუმცა იზოლატორი ვადაზე, 10 დღით ადრე დაატოვებინეს.

მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ერგნეთში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, გახდა ცნობილი. მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის 3 ივლისს დააკავეს.

შს სამინისტროს წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. მისი ინფორმაციით, მღებრიშვილი გადაყვანილი იქნება საკარანტინო სივრცეში კორონავირუსის პრევენციის მიზნით.

10 აგვისტოს კი წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. დე-ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, მღებრიშვილმა ,,საზღვარი" ღამურების დასაჭერად გადაკვეთა. ცხინვალის ,,კგბ"-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში მღებრიშვილი ,,აღიარებს", რომ ღამურები ლუგარის ლაბორატორიისთვის ჭირდებოდა.

ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ მღებრიშვილმა ჩვენება წამების შიშით მისცა. ცხინვალის იზოლატორში წამების ფაქტები მოგვიანებით დადასტურდა, როდესაც ერთ-ერთი პატიმარი სწორედ აღიარებითი ჩვენების იძულების დროს გარდაიცვალა.

,,იზოლატორში ქართველები ვნახე, კარგად არიან, რაც შეეხება ღამურების ამბავს, ეს არის სრული სისულელე, რა თქმა უნდა. ზოგადად ცუდად არ მექცეოდნენ," - განაცხადა მღებრიშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები