ახალი ამბები
11 ოქტომბერი: კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11 794 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 327-ს შეადგენს.

"523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი. სამწუხაროდ, რეგიონების მიხედვით, ახალი შემთხვევებით პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა. თბილისში არის 194 ახალი შემთხვევა, აჭარაში იკლებს, მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, იქ არის 172 ახალი შემთხვევა, იმერეთში – 117, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 16, გურიასა და შიდა ქართლში -7-7, ქვემო ქართლში – ოთხი, კახეთში – სამი, სამცხე ჯავახეთში – ორი, მცხეთა მთიანეთში – ერთი", – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა მარინა ენდელაძემ.

ამასთან, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 60-მდეა.

"კრიტიკული პაციენტების რაოდენობამ მოიმატა, გუშინ იყო 55. რვა აფხაზეთიდან, ერთი კი ცხინვალიდანაა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 56 კოვიდინფიცირებული იმყოფება. უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ცხრის მდგომარეობა კი მძიმეა", – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 85-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები