ახალი ამბები
კასპის სოფელ ახალქალაქში კორონავირუსი პედაგოგს დაუდასტურდა
ფოტოზე: სოფელი ახალქალაქი, (ავტორი - ლაშა ზუბიაშვილი)

კასპის სოფელ ახალქალაქში კორონავირუსი პედაგოგს დაუდასტურდა. ამის შესახებ qartli.ge-ს სკოლის დირექტორმა განუცხადა.

მისი თქმით, პედაგოგი მეზობელი სოფლიდანაა, ხოლო ინფიცირების წყარო, ოჯახის წევრია.

როგორც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საკოორდინაციო შტაბის თავმჯდომარემ, სიმონ გულედანმა განაცხადა, სკოლა დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. პედაგოგი კი, რომელიც ახალქალაქის საჯარო სკოლაში ასწავლის, ოჯახის წევრის დაინფიცირებისთანავე თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებოდა.

,,ფაქტობრივად, ჩვენს სოფელში არც ერთი ადამიანია დაინფიცირებული. აღნიშნული პედაგოგი მხოლოდ მუშაობს ჩვენთან" - ამბობს სკოლის დირექტორი.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კი, ახალი, 919 შემთხვევა გამოვლინდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები