ახალი ამბები
,,ქარელშიც შემოაღწია კორონამ" - COVID 19 სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა
ქარელის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებას რესურსცენტრი ავრცელებს.

,,იმის მიუხედავად, რომ კოვიდინფექციამ ჩვენი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სისტემაშიც შემოაღწია (გვყავს პირველი ინფიცირებული მოსწავლე), მდგომარეობა არ იძლევა შიშისა და პანიკის საფუძველს. მოგიწოდებთ ყველას - მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ზედმიწევნით დაიცვათ დადგენილი რეგულაციები, რათა ხელი არ შეეშალოს საგანმანათლებლო პროცესს და ჩვენმა საყვარელმა მოსწავლეებმა შეუფერხებლად შეძლონ ნორმალურ სასკოლო გარემოში განათლების მიღება. სიმშვიდესა და ჯანმრთელობა გისურვებთ." - აღნიშნულია რესურსცენტრის განცხადებაში.

სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლე სკოლაში 12 ოქტომბრის შემდეგ არ დადიოდა:

,,ბავშვი 12 ოქტომბრის შემდეგ სკოლაში არ გამოცხადებულა. თავიდან თავის ტკივილებს უჩიოდა, დედა ექიმი ჰყავს და კლინიკაში შეამოწმებინა. 16 ოქტომბერს მოვიდა პასუხი, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. ოჯახის სხვა წევრებს არ აქვთ დადასტურებული. რაც შეეხება კლასს, თითქმის ერთი კვირა გავიდა, რას ეს მოსწავლე არ დადის სკოლაში. თუმცა, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების რეკომენდაციით, კლასის წევრები თვითიზოლაციაში არიან და სწავლას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ. ოჯახში ყველანი კარგად არიან" - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

მანამდე ქარელში მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო დადასტურებული. სექტემბრის დასაწყისში სოფელ კლდუში იმ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ბათუმიდან დაბრუნდა.

ჯამში, რეგიონში ამჟამად 208 ინფიცირებულია, მათგან 38 - კასპში, 5 ხაშურში.

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.გარდაიცვალა 7 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა.

"თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში 360 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო - ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7",-განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, "კოვიდ" სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები