ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შიდა ქართლში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ქვეყნის საკოორდინაციო შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ასევე  1 გარდაცვალების ფაქტი გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ნაწილი უკვე ცნობილ კლასტერს ეკუთვნის, მაგალითად ოქროს ბირჟის კლასტერს, ნაწილი თბილისში მცხოვრები პირია, რომელსაც იურიდიულ მისამართში შიდა ქართლი უფიქსირდება და ასევე არის ინფიცირების უცნობი წყაროს მქონე პაციენტები.

,,ყველა მათგანზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. რეგიონში ჯამში 225 ინფიცირებული გვყავს, აქედან 99 პირი მკურნალობს ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 916 პირი.'' - აღნიშნა სიმონ გულედანმა, რომელიც შიდა ქართლში საკოორდინაციო შტაბის თავმჯდომარეა.

ქვეყნის მასშტაბით კი, საქართველოში 20 ოქტომბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19857-ს შეადგენს. გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2862 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1420 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები