ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსით ,,მინისტრთა კაბინეტის" ხელმძღვანელი დაინფიცირდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდი დაუდასტურდა ,,რესპუბლიკის'' მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს გენადი ბეკოევსაც. გასულ შაბათს ცნობილი გახდა, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კორონავირუსით დაინფიცირდა,

ანატოლი ბიბილოვის დავალებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნეს თხოვნა იმის შესახებ, რომ ,,რესპუბლიკას'' 150 ადამიანზე გათვლილი სამხედრო საველე საავადმყოფო გამოუყონ.

ჯამში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 272-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 14 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დღეისათვის 47 პაციენტი ცხინვალის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო 35 პაციენტი ბავშვთა საავადმყოფოში. დანარჩენები ამბულატორიულ მკურნალობას გადიან.

მიმდინარე წლის აპრილიდან სამხრეთ ოსეთის PCR ლაბორატორიაში COVID-19– ზე 6 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.

დე-ფაქტო რესპუბლიკაში, კორონავირუსის და სეზონური SARS – ის და გრიპის შემთხვევების გამო, ყველა საშუალო სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება ორი კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები