ახალი ამბები
გორის მე-4 სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქალაქ გორის მე-4 საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციაში დაგვიდასტურეს.

სკოლის დირექტორის თქმით, პედაგოგს შემხებლობა მხოლოდ კოლეგებთან ჰქონდა:

,,ჩვენმა სკოლამ სასწავლო პროცესი გვიან, მიმდინარე კვირის ორშაბათს დაიწყო, რადგან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მანამდე, პარასკევსა და შაბათს შენობა დავასუფთავეთ. სკოლაში მხოლოდ პედაგოგები ვიყავით. პედაგოგი ორშაბათს არ გამოცხადდა. მოვიკითხეთ და გვითხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. მომდევნო დღეს გადაწყვიტა ტესტის აღება, თუმცა ფიზიკურად ვერ მოხერხდა. ამიტომ, ოთხშაბათს ჩააბარა ტესტი და გუშინ უკვე დადებითი პასუხი მოვიდა. დღეიდან კი, მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავედით 3 ნოემბრამდე." - ამბობს სკოლის დირექტორი. 

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 36 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ საქართველოს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

უფრო კონკრეტულად:

"აჭარის რეგიონში-487 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში- 356, ქვემო ქართლში-36, შიდა ქართლში-35, გურიაში -17, სამეგრელო-ზემო სვანეთში-69, კახეთში-24, მცხეთა -მთიანეთში-12, სამცხე ჯავახეთში-30, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7, თბილისში -686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება",-განაცხადა ბერია სიჭინავამ
Print

სტატიის გამოყენების პირობები