ახალი ამბები
100 აცრილი ადამიანი, ეს არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანი - ამირან გამყრელიძე
,,რაც მეტი იქნება, 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანი, აცრილი, მით ნაკლები იქნება გარდაცვლილი'' - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საგანგაშოა, შესაბამისად სამედიცინო სექტორზე ზეწოლა სერიოზულია.

გამყრელიძე განმარტავს, რომ აუცილებელია შენარჩუნდეს ის რეგულაციები, რაც დაწესებულია ქვეყანაში და უნდა გამკაცრდეს მისი აღსრულება. განსაკუთრებით, ღამის კარანტინი და შაბათ-კვირის რესტორნების შეჩერება ძალაში უნდა დარჩეს.

"კლასტერებიდან" გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე, დღეს ყველა რეგიონში უკვე, ჩვენ გვაქვს ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებული. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარა და დანარჩენი რეგიონები. აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სერიოზულად იმატებს ინციდენტობის მაჩვენებელი სამეგრელოში, ამიტომ სიფრთხილე და ყველა იმ ღონისძიების დაცვა, რომელსაც გეუბნებით და განსაკუთრებით დიდი შეკრებებისგან თავის შეკავება, ამას ემატება კიდევ მეტი ინტენსიფიკაცია აცრების. გასაგებია, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება და ეს მარტივად ვერ ხერხდება, მაგრამ 100 აცრილი ადამიანი, ეს არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანი - ეს იცოდეთ და აქედან გამომდინარე უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. რაც მეტი იქნება აცრილი, მით ნაკლები გვეყოლება გარდაცვლილი, რაც მეტი იქნება 55-წელს ზემოთ აცრილი ადამიანი, მით მეტი ადამიანი გადარჩება ხანდაზმული", - განაცხადა გამყრელიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები