მოვაჭრეებმა კასპის ბაზარი დატოვეს და ქუჩაში გადაინაცვლეს
კასპის აგრარული ბაზრის 40-მდე მოვაჭრემ პროტესტის ნიშნად სავაჭრო დახლები დატოვა და პროდუქტის გასაყიდად ქუჩაში გადაინაცვლა.

ამ გზას მოვაჭრეებმა მას შემდეგ მიმართეს, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ქალაქის საკრებულო, გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

,,რაიონის ხელმძღვანელობას არაერთხელ მივმართეთ, აეკრძალა გარევაჭრობა, თუმცა რიაგირება არ მოუხდენიათ. გარემოვაჭრები მყიდველს ჩვენამდე არ უშვებენ, ჩვენ კი პროდუქტს ვერ ვყიდით და გვიფუჭდება. მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ამასთან ერთად, ბაზრის ხელმძღვანელობა ყოველდღიურ დახლის ქირას მაინც გვახდევინებს, ოჯახებს ვეღარ ვინახავთ“ - გვეუბენბა ბაზრის მოვაჭრე რუსუდან ქუტაშვილი.

კიდევ ერთი მოვაჭრე ლელა აბუაშვილი ამბობს, რომ თუ გარევაჭრობა არ აიკრძალება, ბაზრის ყველა მოვაჭრე გარეთ ივაჭრებს. ფაქტობრივად, ბაზარი დაიკეტება.

,,კასპის აგრარული ბაზარი ფუნქციას დაკარგავს და დაიხურება. ბაზარში აღარ შევალთ და გარევაჭრობას გავაგრძელებთ“ - აცხადებს ლელა აბუაშვილი.

მოვაჭრეების პროტესტს მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი გამოეხმაურა.

გოჩა გოჩიტაშვილი გარევაჭრობის აკრძალვას ამ ეტაპზე არ აპირებს, სანამ გარემოვაჭრეების დასაკმაყოფილებლად ალტერნატიული გზები არ მოიძებნება.

,,მინდა ცივილური ფორმით მივაღწიოთ შეთანხმებას. გარევაჭრობა დღეს საქართველოში დიდ პრობლემად ითვლება, თუმცა, პირადად ვთვლი, რომ ბაზარში პროდუქტის ფასი მაღალია და ამიტომაა, რომ მყიდველი ბაზარში არ შედის" - ამბობს გოჩა გოჩიტაშვილი.

აღნიშნულ თემაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალა რამდენიმე თვის წინ მოამზადა. ვაჭრობის თემა ბიზნესინტერესებს უკავშირდება.

იხ. უფრო ვრცლად: რა საკითხი მოპარეს ვიცე-თავმჯდომარეს - ბიზნესინტერესები კასპში




Print

სტატიის გამოყენების პირობები