გორში კერძო სკოლების წარმომადგენლები არათანაბარ პირობებზე საუბრობენ
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“.

პროგრამის ფარგლებში 23 ოქტომბერს, შიდა ქართლის საჯარო სკოლების 429 მოსწავლე, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

ამ ფაქტს გორში არსებული კერძო სკოლების დირექტორები ეხმაურებიან. მათი თქმით, სახელმწიფო კერძო სკოლის მოსწავლეებს არათანაბარ პირობებში ამყოფებს.

გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ხელმძღვანელის, მანანა ჩუხრუკიძის თქმით, აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, სახელმწიფო ჩაგრავს კერძო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს.

,,უარყოფითად ვაფასებ ლეპტოპების გადაცემას მხოლოდ საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის. ეს არის იმ ბავშვების უფლებების დარღვევა, რომლებიც კერძო სკოლებში კარგად სწავლობენ. რატომღაც კერძო სკოლებში სწავლა ბავშვებისთვის სასჯელი გამოდის. ჩემთან 8 მოსწავლე იყო ისეთი, რომელიც თავისუფლად მიიღებდა ამ ჯილდოს. გვქონია შემთხვევა, როდესაც მოსწავლე მე-9 კლასიდან გადასულა საჯარო სკოლაში, ლეპტოპის მიღების შემდეგ კი ისევ ჩვენთან დაბრუნებულა. მე ჩემი შემოსავლებიდან გამომდინარე არ შემიძლია ბავშვებს ლეპტოპები შევუძინო და თავად გადავცე. სახელმწიფოსგან ინფრასტრუქტურასა და ხელფასებს ხომ არ ვითხოვ? მე ვწუხვარ ბავშვებზე, რომლებიც საქართველოში არათანაბარ სიტუაციაში არიან. მე თუ მკითხავთ ეს ,,ბულინგია“, რადგან ბავშვი სახელმწიფოსგან იჩაგრება.’’ - განაცხადა მანანა ჩუხრუკიძემ.

კერძო სკოლა ,,ეისი"-ს ხელმძღვანელის თქმით, სკოლა ფონდიდან წარჩინებული მოსწავლეებითვის კომპიუტერებს თავადვე ყიდულობს.

,,ძალიან მაწუხებს ეს საკითხი, რადგან სახელმწიფო მოსწავლეებს არათანაბარ პირობებში აყენებს. თუმცა მე ჩემი ფონდიდან ვყიდულობ ხოლმე ლეპტოპებს ჩვენი საბაზო საფეხურის ათოსანი მოსწავლეებისთვის. ასე ვთქვათ, ეს ,,დირექტორის საჩუქარია’’, რადგან მოტივაცია ყველას სჭირდება. მცირერიცხოვანი კლასები გვაქვს, წელს სამი წარჩინებული მოსწავლე გვყვავდა. კომპიუტერი სამივეს 16 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე გადავეცით.’’ - განაცხადა სკოლა ,,ეისი’’-ს ხელმძღვანელმა, მარიკა ტლაშაძემ.

ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის ხელმძღვანელის თქმით კი, მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლებას მიზერული სტიპენდიის მეშვეობით ცდილობენ.

,,აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში ვართ სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ თავად ვუყიდოთ წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები. თუმცა საბაზო საფეხურზე ყველა კლასში 3-4 ბავშვი ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს. მოსწავლეთა მოტივაციისთვის, ჩვენთან ამ შემთხვევაში სტიპენდიის სისტემა მოქმედებს. მე-9, მე-10, მე- 11 და მე- 12 კლასის ათოსანი მოსწავლეები სტიპენდიას იღებენ, თუმცა ეს ძალიან მიზერული თანხაა.’’ - განაცხადა მაია თეთრუაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები