სასირეთის და ქვემო გომის სკოლები ,,მომავლის თაობის“ კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ
სამოქალაქო განათლების პროგრამის პროექტ "მომავლის თაობის" ფარგლებში მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომის და სასირეთის საჯარო სკოლამ.
ინფორმაცია Qartli.ge-ს ქალაქ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გრანტის მოპოვების შედეგად სასირეთის საჯარო სკოლამ დაიწყო ქვიშის ფრენბურთის მოედნის მოწყობა, ხოლო ქვემო გომის საჯარო სკოლა განახორციელებს პროექტს "აქტიური მომავლისთვის".

პროგრამა „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. სკოლებმა მიიღეს დამხმარე სახელმძღვანელოები, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ. პროგრამა სამ წელს გრძელდება და მასში ჩართულია 480 სკოლა და 13 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები