„თეთრი ხალათების“ აქცია შიდა ქართლში
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა გორში, ხაშურში, ქარელსა და კასპში.

მედიკოსები სამედიცინო დაწესებულებების წინ შეიკრიბნენ და ქართველი ექიმის უკანონო დაკავება გააპროტესტეს.

რეგიონში მომუშავე ასობით მედიკოსი დე-ფაქტო რეჟიმს ქართველი ექიმის გათავისუფლებას თხოვს. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს.

ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს.

qartli.ge-მ გაარკვია, რომ 9 ნოემბერს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი თბილისიდან სამთავისის მიმართულებით წავიდა. დაახლოებით 15 საათზე სოფელ სამთავისთან ჩამოვიდა, სადაც პაციენტის ახლობელი დახვდა. ამის შემდეგ მათი კვალი იკარგება.

ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონში მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სანახავად მიდიოდა.

ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში, მძიმედ დაშავდა პედაგოგი თამარ გიგაური. მისი ახლობლები თბილისში გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა გამშვებ პუნქტზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პაციენტი თბილისის მიმართულებით არ გაატარეს. თამარ გიგაური ცხინვალის საავადმყოფიში გადაიყვანეს.

13 ნოემბერს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი თანხმლებ პირთან ერთად ახმაჯი-ორჭოსანს შორის არსებულ ტერიტორიაზე დააკავეს. ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებული სოფლები - თვაურები, კოდისწყარო, სარიბარი და ყარაფილა ემიჯნება.

9 ნოემბრის შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე რუსმა სამხედროებმა პატრულირება გააძლიერეს, რასაც 11 ნოემბერს კიდევ ორი მოქალაქე, მწყემსები ზადიშვილი და ტუხიაშვილი (კოდისწყაროელები) დააკავეს. კოდისწყაროში ამბობენ, რომ მანამდე ასეთი გაძლიერებული ,,პატრულირება" რუს სამხედროებისგან მანამდე არ შეუნიშნავთ.

იხ.ამავე თემაზე:
რამაზ ზადიშვილი: ,,ცხინვალის იზოლატორში გავიცანი ვაჟა გაფრინდაშვილი დიდებული კაცია"
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს
Print

სტატიის გამოყენების პირობები