,,გოლდენ გორის“ ძიუდოისტებს გორელი გულშემატკივარი აეროპორტში საზეიმოდ დახვდა
ძიუდოს კლუბი ,,გოლდენ გორი", ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული ბრინჯაოს პრიზიორობის შემდეგ დღეს, პორტუგალიიდან სამშობლოში დაბრუნდა.

მედლოსან გორელ ძიუდოისტებს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გორელი გულშემატკივრები აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ.

შეჯიბრებაზე, რომელიც 16 ნოემბერს პორტუგალიის ქალაქ ოდიველაში ჩატარდა გორელებმა სამი შეხვედრა ჩაატარეს – პირველში ლიგის მოქმედ გამარჯვებულს პორტუგალიის ,,სპორტინგს" ვერ აჯობეს 2:3, შემდეგ მოუგეს ფრანგულ ,,ფლამ 91"–ს, ხოლო უშუალოდ ბრინჯაოს მედლისთვის ასევე ფრანგულ ,,ეტუალს". ორივე ფრანგული კლუბი გორელებმა ერთნაირი ანგარიშით 3:2 დაამარცხეს და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

,,გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ),
ლაშა შავდათუაშვილი (73),
ლუკა მაისურაძე (81),
ბექა ღვინიაშვილი (90),
გელა ზაალიშვილი (+90).

,,გოლდენ გორი" ზუსტად ერთი წლის წინ 16 ნოემბერს შეიქმნა და შარშანვე ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები