დევნილთა სამინისტრო სოფლად სახლს 401 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 700-ზე მეტი განაცხადი, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 401 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი თავად არჩევს სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

• ოჯახი რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან - 17000 ლარი;
• ოჯახი რომელიც შედგება 3 წევრისგან - 21000 ლარი;
• ოჯახი რომელიც შედგება 4 წევრისგან - 23000 ლარი;
• ოჯახი რომელიც შედგება 5 წევრისგან - 26000 ლარი, ხოლო ოჯახის ყოველ შემდეგ წევრზე 26000 ლარს 3000 ლარი დაემატება.

შესაძლებელია, რომ საცხოვრებელი ფართის შესყიდვა განხორციელდეს დევნილისა და სამინისტროს თანადაფინანსებით.

დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 3-თვიანი ვადა ეძლევათ. დევნილი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მხოლოდ 2019 წელს, სახელმწიფომ სახლი 1 050 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა. ჯამში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, 4000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები