გორის საკარანტინო სივრცეში ამ დრომდე კორონავირუსი არ დასტურდება
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში წუხელ, გვიან ღამით, 3 მოქალაქე მოათავსეს. სამივე მათგანი სამშობლოში საფრანგეთიდან დაბრუნდა, ისინი კარანტინში პირდაპირ აეროპორტიდან წაიყვანეს.

ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში რჩება 57 პირი, რომელთაგან 16 სამხედრო მოსამსახურეა, ხოლო 41 სამოქალაქო პირი. გუშინ გაიგზავნა 6 ნიმუში, შემდგომ, კვლავ დაემატა 4 საეჭვო პაციენტის ნიმუში, მთლიანობაში ლაბორატორიაში 10 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა და ათივე არის უარყოფითი, რაც იმას ნიშნავს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ პირებზე არ დასტურდება ვირუსის არსებობა. ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რამდენიმე მათგანს უფიქსირდება დაბალი ტემპერატურული რეაქცია, თუმცა მათ კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდათ.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს, დღეს ჩვენ დავიწყებთ როტაციას, დეტალურად მოხდება შესწავლა, თუ რომელ მათგანს აქვს თვითიზოლაციის საშუალებადა შესაბამისად, ჩვენთან მოთავსებული მოქალაქეების რაოდენობა შემცირდება.“- უთხრა დავით ბარლიანმა ჟურნალისტებს.

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1 592 ადამიანი იმყოფება, 216 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 31 პაციენტიდან 3 მათგანის მდგომარეობა პრობლემურია მათი სხვა დაავადებიდან გამომდინარე.

,,პრობლემური მდგომარეობა ნიშნავს, რომ მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი პაციენტია, რომელიც არის 80 წელზე მეტი ასაკის და მას აქვს მძიმე ნერვოლოგიური დაავადება. გარდა ამ პაციენტისა, კიდევ ორი პაციენტი გვყვავს, ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება და მეორესთან ამ ეტაპზე ობიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ გამომსახველობითი კვლევა, ანუ კომპიუტერული ტომოგრაფია იყო გაუარესებული.“- განმარტა ეზუგბაიამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

დღეის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 220 ათასი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 86 ათასი, ხოლო გარდაიცვალა 8 978.
ყველაზე კრიზისული მდგომარეობაა მსოფლიო ჯანდაცვის ინფორმაციით ირანში, გერმანიაში, იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მუხედავად იმის, რომ ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ვირუსი თითქმის დაამარცხა, სპეციალისტები ვირუსის მეორე ტალღას ელოდებიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები