სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალში შიდა ქართლიდან ორი კანდიდატი იბრძოლებს
ხვალ, 19 სექტემბერს სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალური ეტაპისთვის საქართველოს რეგიონებიდან 10 საუკეთესო სკოლის დირექტორი შეირჩა, მათ შორის 2 შიდა ქართლიდან - ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ღოლიჯაშვილი.

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

კონკურსანტთა შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობდა. მეორე ეტაპზე გამოვლინდა 10 ფინალისტი, ხოლო მესამე ეტაპზე, ხვალ, გამოვლინდება სამი გამარჯვებული - გრანპრის და სპეციალური პრიზის მფლობელები. კონკურს გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური საბჭო.

გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად - 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.

გაიცანით უკეთ გორის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ღოლიჯაშვილი და ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი.

იხ. ამავე თემაზე:
▶️როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
▶️როგორ გაჩნდა ახალი სასწავლო სივრცე ხაშურის #1 სკოლაში
Print

სტატიის გამოყენების პირობები