ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, 48 ტესტი ჩატარდა რომელთაგან 5 covid-19-ზე დადებითი აღმოჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის ანა გაგლოევას თქმით, დაავადებული პირები კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდნენ.

„დღეის მდგომარეობით რესპუბლიკაში ინფექციის 30 დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსი დაუდასტურდა რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტის 4 იუნკერს და 1 მოქალაქეს. დაავადებული პირები კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდნენ“,- აღნიშნა გაგლოევამ.

დღემდე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსზე 568 ტესტია ჩატარებული.

279 ადამიანი საკარანტინო დაწესებულებაში იმყოფება.

ვირუსის პირველი შემთხვევა 6 მაისს დადასტურდა, ხოლო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მიღებული შეზღუდვები 31 მაისამდე გაგრძელდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები