ქართლის სტუდია
გორის ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობის პირობებში - ქართლის სტუდია
გორის ბიუჯეტის დიდი ნაწილი დამატებითი ღირებულების გადასახადით, გრანტებით და ადგილობრივი მოსაკრებლებით ივსება. ქართლის სტუდია დაინტერესდა, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგა ადგილობრივი თვითმმართველობა და მისი შემოსავლები მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაახლოებით 55 მლნ-იან ბიუჯეტს წინ რთული მეორე კვარტალი ელის. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დაიკეტა ბევრი სავაჭრო ცენტრი, შეიზღუდა ტრანსპორტი, კორონავირუსის გამო, ადამიანთა დიდი ნაწილი სახლში აგრძელებს ცხოვრებას. ის, ვისი ცხოვრებაც ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებულები, შეღავათების იმედად დარჩა.




ქართლის სტუდიის სტუმარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დალი ტლაშაძე. ის ამბობს, რომ კორონავირუსი და მის გავრცელების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, გავლენას ალბათ მოახდენს ადგილობრივ ბიუჯეტზე, თუმცა ამ ეტაპზე, ბიუჯეტის შემოსულობებში არ იგძრნობა ნეგატიური ტენდენციები, არის სტაბილური მდგომარეობა.

,,გასულ პერიოდთან შედარებით, შემოსულობები არის მზარდი. შეიძლება არალოგიკურია, მაგრამ დღგ-ს გადასახადი გაცილებით მეტია შემოსული. დაახლოებით მილიონია სხვაობა [გასული პერიოდის ანალოგიურ მონაცემებთან]. მართალია, წელს ბიუჯეტი 4 მლნ ლარით მეტი დაიგეგმა, თუმცა საკასო მაჩვენებლებში აშკარა მატებაცაა. გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს, ხარჯებიც შესაბამისად მიმდინარეობს, მაგრამ რა იქნება შემდეგ, ამას ექსპერტები უფრო კარგად განსაზღვრავენ. ალბათ, რაღაც კუთხით აისახება." - ამბობს დალი ტლაშაძე.

დღგ ანუ დამატებული ღირებულების გადასახადი არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს . ამ გადასახადის მობილიზებას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს, რაც შეეხება სხვა გადასახადებს, ამ შემთხვევაში, მათი მობილიზება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა:

,,სათამაშო ბიზნესი შეიძლება გახდეს პრობლემური, რადგან ვხედავთ, რომ ბევრი ობიექტი იხურება. ამ ბიზნესში გადასახადი არის კვარტალური. ჯერ არ არის გადახდის პერიოდი დამდგარი, შესაბამისად, რა დონემდე შემცირდა მისი შემოსავლები, ჯერ ამის თქმა არ შემიძლია. „ - ამბობს დალი ტლაშაძე.

ქონებისა და იჯარის გადახდების კუთხით, კრიზისის პირველ პერიოდში, ადგილობრივ ბიუჯეტში სახარბიელო მდგომარეობა აქვს. ჩვენს კითხვაზე, იგეგმება თუ არა რაიმე სახის შეღავათაზები ადგილობრივ დონეზე, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ჯერ პასუხი არა აქვს.

,,გადავადდება თუ არა გადასახადები, ჯერ გადაწყვეტილება არაა მიღებული. როცა დადგინდება, თუ რა შეღავათები დადგინდება, იმის მიხედვით, განისაზღვრება ცვლილებები. ჩემთვის ცნობილი არაა, როდის დადგინდება შეღავათები ან თუ იქნება, რადგან არ ვარ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული. „ - განმარტავს დალი ტლაშაძე.

დალი ტლაშაძე ხარჯების შესახებაც აკეთებს კომენტარს. ამ კუთხით, არც ხარჯების ნაწილშია ცვლილებები დაგეგმილი ჯერ-ჯერობით.

,,რაც შეეხება ხარჯებს, ამ კუთხით, მერია არსად დაფინანსების შემცირებას არ აპირებს, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ყველა სამუშაო, რომელიც დაკონრაქტებულია, კონტრაქტორები მუშაობენ, სამუშაო პროცესი არაა გაჩერებული, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით.“ - აღნიშნა დალი ტლაშაძემ ,,ქართლის სტუდიაში“
Print

სტატიის გამოყენების პირობები