ოკუპაცია
ხაშურის მისადგომებთან - 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციის მომდევნო დღეები
მაინც რა მოხდა ოსიაურთან, რომელმაც გადაწყვიტა ომის ბედი? - ამ თემაზე ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა თამაზ ლაცაბიძემ სპეციალური ნარკვევი დაწერა სათაურით ,,ხაშურის მისადგომებთან".

მისი თქმით, ნარკვევი მცირედშესწორების შემდეგ გამოქვეყნდება, რომელიც 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციის თემას მნიშვნელოვნად გაამდიდრებს.

ნარკვევის მიხედვით, თბილისის აღების შემდეგ, წითელ არმიასა და საქართველოს მთავრობის გვარდიის წევრებს შორის, ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა ხაშურის მისადგომებთან უნდა გამართულიყო.

თბილისიდან ხაშურამდე

1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. იმავე წლის 25 თებერვალს თბილისი წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავა. ქართულმა შენაერთებმა უკან დაიხიეს, ჯერ მცხეთისკენ, შემდეგ გორისკენ და ბოლოს ხაშურში მოიყარეს თავი.

საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს საჯარისო ნაწილებს შორის ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლა ხაშურის მისადგომებთან, ოსიაურთან გაიმართა. ამ ბრძოლამ საბოლოოდ გადაწყვიტა დემოკრატიული საქართველოს სამწლიანი ისტორიის ბედი. საბჭოთა რუსეთს ამის შემდეგ შესაძლებლობა მიეცა, თითქმის უბრძოლველად დაეკავებინა მთელი საქართველო.

ხაშურის მისადგომებთან, ოსიაურთან გამართულ ბრძოლას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ მემუარულ ლიტერატურაში. მას ეხებიან გენერლები გ. კვინიტაძე, გ. მაზნიაშვილი, ალ. ჩხეიძე, ალ. ზაქარიაძე, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები რ. გაბაშვილი, გ. წერეთელი და სხვები.

აკაკი კვიტაიშვილი, რომელიც იმერეთის მეორე ბატალიონს მეთაურობდა, აღნიშნავს: ,,სურამის უღელტეხილთან შეჩერდა ჩვენი ლაშქარი. მთავარსარდალმა გენერალმა გ. კვინიტაძემ გადაწყვიტა, აქედან დაეწყო კონტრშეტევა. ეს იყო შესანიშნავი გეგმა, მაგრამ ამის შემსრულებელნი იყვნენ ფრიად სუსტნი. პირველად ამ შეტევებს მიღწევები აქვს, მაგრამ შემდეგ მოხდა უწესრიგოდ უკან დახევა”.

მთავარსარდალმა გენერალმა გიორგი კვინიტაძემ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,Dშეიმუშავა საბრძოლო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მტრისათვის ხაშურის მისადგომებთან გაემართა გენერალური ბრძოლა. მტერს დაუპირისპირდებოდა ჯარის ნაწილები, ხოლო გვარდიას მარცხენა მხრიდან უნდა შემოევლო და ზურგიდან დაერტყა მტრისათვის.

აქ უნდა შევნიშნოთ, რომ დაწყებული იყო გვარდიის რღვევა. ვერა და ვერ მოხდა მათი ბატალიონების მოწესრიგება ვერც მცხეთაში და ვერც გორში, რჩებოდა მხოლოდ ხაშური.

გ. კვინიტაძე იგონებს: ,,რადგან გორში გვარდიის ბატალიონები ვერ მოაწესრიგეს, ვ. ჯუღელმა მთხოვა, რომ ხაშურში მოვაწესრიგებთო.

ხაშურში მათ მივეცი სამი დღე. ჯარს ეჭირა პოზიციები ხაშურის წინ.

ხაშურთან ბრძოლისთვის გვარდიას დავუნიშნე, დაეწყო შეტევა 6 საათზე, დაიძრნენ 8-9 საათს; უნდა მოევლოთ მტრის მარჯვენა ფრთა. ჯარი გადავიდა შეტევაზე პირდაპირ, მუხლებამდე თოვლში გაშლილ ხაშურის მინდორში. ასე თუ ისე ჩვენმა შეტევამ გაიმარჯვა: საღამოზე ბოლშევიკები იხევდნენ, ზარბაზნები დაყარეს.

შტაბს უკვე ეგონა, რომ დილით დავიწყებთ დევნას, მოხდა უცნაური, მაგრამ ჩვეულებრივი გვარდიელებისთვის, მოვლენა.
დაღამდა თუ არა, გვარდიამ თავის ნებით მიატოვა საბრძოლო პოზიციები და ფონის გადასასვლელით გადავიდა სოფელ წიფაში. დილით მტრის ნაწილებიც გამოჩნდა გადასასვლელზე. ძველი რკინიგზის საშუალებით გადალახა იგი, გადავიდა დასავლეთ საქართველოში და მოექცა ქართული საჯარისო ნაწილების ზურგში. მეშვიდე პოლკის ნაწილებმა პოლკოვნიკ იასე ვაჩნაძის ხელმძღვანელობით შეძლო, გამკლავებოდა მტერს, რამაც ქართულ საჯარისო ნაწილებს, რომლებიც მტრის წინ ხაშურთან პოზიციებზე იდგნენ, დაეხიათ უკან წიფის გვირაბის საშუალებით. ხაშური და მისი რაიონი წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავეს.

რევაზ გაბაშვილი თავის მოგონებებში აღნიშნულთან დაკავშირებით წერს: ,,სოფელ ოსიაურთან დიდი ბრძოლაც მოხდა, საცა 120 ჯარისკაცი მოკვდა და დაჭრილებს ჩვენი წითელი ჯვრის ექიმები, ,,სანიტრები“ და მოწყალების დანი, ქალბატონ ელენე ჩიჯავაძის მეთაურობით, - ვერ ასდიოდნენ, ფრონტის უკან ხაშურში....”

რევაზ გაბაშვილი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს ოსიაურთან გამართულ ბრძოლას და აღნიშნავს: ,,მერე იცით რა მოხდა ოსიაურ-ხაშურში? მთავარსარდლის ბრძანებით განთიადისას ჯარი მარჯვენა მხრიდან და გვარდია მარცხენა ფრთიდან უნდა გადასულიყვნენ შეტევაზე (პირველად მთელი ომის მსვლელობაში), ოსიაურთან დაბანაკებული 3000 ბოლშევიკის წინააღმდეგ, ჯარმა შეუტია თავისდროზე, დიდი ზიანიც მიაყენა, თვითონაც დაზარალდა (აქ ყველაზე მეტი დაიხოცა და დაიჭრა ჩვენი) და ბოლშევიკები უკვე იარაღს ჰყრიდნენ (მერე გავიგეთ, თბილისის ევაკუაციასაც აპირებდნენ პირველი დეპეშები რომ მისვლიათ), მაგრამ გვარდია იმის მაგიერ, რომ შეტევაზე გადასულიყო, 2 საათის დაგვიანებით მოიხსნა და უკან წავიდა _ (,,წვიმა მოდის, ცივა და რავა დავდგებითო?!”), ბოლშევიკებმა გული მოიცეს და კონტრიერიშზე გადმოვიდნენ, აი ამ დროს დაზარალდნენ ყველაზე მეტად ჩვენები”.

პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე იგონებს: ,,ვმორიგეობდი შტაბში, ვიჯექი მთავარსარდლის სალონში ტელეფონთან, ნაშუაღამევს დარეკა ტელეფონმა, ცნობა მივიღე, ლაპარაკობდა გენერალი კონიაშვილი, რომელიც გენერალ ჯიჯიხიასთან ერთად გვარდიაში მსახურობდა. მთხოვა, მომეხსენებინა მთავარსარდლისათვის, რომ გვარდიელებმა დაადგინეს არ შეუტიონ, შტაბი და ჯარი იშლება და მათზე ზეგავლენის საშუალება არა მაქვსო. მოახსენეთ ეს მთავარსარდალს და მეც ამ წუთში მოვდივარ მასთან პირადად მოსახსენებლადო. მაშინათვე გავაღვიძე შტაბის უფროსი და მთავარსარდალი და მოვახსენე ტელეფონით მიღებული ცნობა. ძნელი აღსაწერია მთავარსარდლის აღელვება. ამ მოულოდნელმა ცნობამ მოთმინებიდან გამოიყვანა, იმდენი შრომა ჩატარდა უკუიერიშის მოსამზადებლად. აქ შესანიშნავი გარემოცვის პირობებში გამარჯვება ნათელი იყო, რის შემდეგ თბილისის უკან დაბრუნებას ვერაფერი ვერ შეაჩერებდა. გვარდიელების სამარცხვინო გაქცევამ ჩაშალა ბრძოლის ჩატარების შესაძლებლობა. სწორედ მათ უნდა მოეხდინათ მთავარი დარტყმა დაჯგუფების მარცხენა მხრიდან.

....მთავარსარდალი მეტად ღელავდა. ,,აბა, თევზაძევ, თავის მოკვლაღა დამრჩენია არა?_მომმართა სევდიანი ხმით. შევწუხდი ძალიან. ვგრძნობდი რა აზრები უტრიალებდა ამ დროს თავში სარდალს. ის ხომ სამი წლის განმავლობაში უმწიკვლოდ მართავდა საქართველოს თავდაცვის საქმეს. ზედიზედ მოიგო სამი ომი სამ მეზობელთან _სომხებთან, თურქებთან და ბოლშევიკებთან. ახლა კი დამარცხება ელის. ვცადე დამშვიდება. გვაქვს კიდევ ხელსაყრელი მოგერიებითი პოზიციები, ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული, გამარჯვების იმედი არ უნდა დავკარგოთ-მეთქი, მაგრამ ამის მიღწევა ადვილი აღარ იყო. შავი ზღვის პირდაპირ ასეთი ხელსაყრელი პოზიციები აღარ არსებობდა.

,,გვარდიელთა ღალატის შედეგად ხაშურიდან განზრახული უკუიერიში ვერ განხორციელდა და ერთეულები ბათუმისაკენ დაიძრნენ” - აღნიშნავდნენ ნ. მათიკაშვილი და მ. კვალიაშვილი.


ოსიაურთან ბრძოლას ვრცლად ეხება გენერალი გიორგი მაზნიაშვილი: ,,ხაშურის სადგურზე, ღამის 11 საათზე მივიღე ბრძანება, რომ მე დანიშნული ვარ მესამე დივიზიის უფროსად.

ამასთან ერთად მივიღე მთავარსარდლისაგან სიტყვიერი ბრძანება, რათა პირველი და მესამე დივიზიის ჯარის ნაწილები წამეყვანა სოფელ ოსიაურისაკენ და ყოველი ღონე მეხმარა და შემეჩერებინა მოწინააღმდეგე, სანამ არ დამთავრდებოდა პოზიციების მოწყობა უღელტეხილზე.

სუმბათაშვილის მეორე დივიზია, რომელიც დარჩა გორში ჯარების უკან დახევის ხელის შესაწყობად, როდესაც ეს ოპერაცია დამთავრდებოდა, უნდა გადმოსულიყო ჩემს განკარგულებაში.

გათენებისას მეორე დივიზიის ნაწილებმა თავი მოიყარეს ჩემთან. მე ვუბრძანე მათ, დაეკავებინათ პოზიციები სოფელ ოსიაურთან რკინისგზის სადარაჯო სახლიდან დაწყებული მტკვრამდე, და ამასთან რამდენიმე ასეული გადაეყვანათ ბორნით მტკვრის მარჯვენა ნაპირზე.

დილის 9 საათიდან მოწინააღმდეგის ჯარის ნაწილები გამოჩნდნენ სოფელ ვაკეში (გომი? თ.ლ.), ვაყაში და სატივეში, მაგრამ ჩვენმა არტილერიამ შეაჩერა მათი წინსვლა, ხოლო მეცხრე ლეგიონის ნაწილებმა დაიკავეს სოფელი სატივე. გვარდიის ყველა ნაწილები დაგროვდნენ დაბა სურამში და მის მიდამოებში. ესენი შეადგენდნენ მთავარსარდლის საერთო რეზერვს...”

გ. მაზნიაშვილის განკარგულებაში საბრძოლო ოპერაციის გეგმის შესაბამისად გადავიდა გვარდიელთა 1300 კაციანი რაზმი 80 ტყვიამფრქვევით და გვარდიის ცხენოსანი დივიზია.

გეგმის მიხედვით, ,,ეს რაზმი, - აღნიშნავს გ. მაზნიაშვილი, - 2 მარტს, გათენებისას უნდა დაბანაკებულიყო ტყეში, სოფ. ვაყის ცოტა ზევით, მე-9 და მე-12 ლეგიონების ნაწილები გათენებისას უნდა გადასულიყვნენ იერიშზე და, როდესაც მოწინააღმდეგე ბრძოლაში ჩაებმებოდა, ტყეში დაფარულ გვარდიელებს შეტევა უნდა დაეწყოთ და მოწინააღმდეგე უნდა გადაერეკათ მტკვარში, ხოლო გვარდიის ცხენოსან ჯარს უნდა დაეკავებინა გომის სადგური და გადაეჭრა მათთვის გზა უკან დახევის დროს.

მოწინააღმდეგე ამგვარად ემწყვდეოდა ტომარაში, რომლიდანაც ორი გამოსავალი იყო: სიკვდილი ან ტყვეობა.

გეგმა მომზადებული იყო გაბედულად და მისი განხორციელება შესაძლო იყო. სახალხო გვარდიას, რომ შეესრულებინა დავალებული ამოცანა. გვარდიელები მისვლით მივიდნენ დანიშნულ ადგილას, მაგრამ ღამის 10 საათზე თავის ნებით მოხსნენ პოზიციებიდან და დაბრუნდნენ უკან სურამში.

ეს გარემოება ჩვენ დილამდე არავინ ვიცოდით, რადგან გვარდიელებმა თავის წასვლა არ აცნობეს მთავარ შტაბსაც კი, არამც თუ მე. ამგვარად, კარგად მოფიქრებული გეგმა ჩაიფუშა”.

გვარდიის მიერ მიტოვებული პოზიციები მოწინააღმდეგემ დაიკავა. გიორგი მაზნიაშვილი იძულებული გახდა, ოსიაურიდან გამოეწვია რეზერვი მარცხენა ფრთაზე და შეეჩერებინათ შემოჭრილი მოწინააღმდეგის იერიში.

ამის შემდეგ, მთავარსარდლის ბრძანებით გიორგი მაზნიაშვილმა ოსიაურიდან მოხსნა საჯარისო ნაწილები და უღელტეხილსიკენ დაიხია.

მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძეც თავის მოგონებებში ვრცლად ეხება ხაშურთან (ოსიაურთან) გამართულ უკნასკნელ ბრძოლას. ,,ხაშურში ბრძოლის გასაგრძელებლად ყველაფერი ვიღონეთ. ზურგში, სურამის ქედზე პოზიცია გამაგრდა. ეს ძლიერი პოზიცია იყო,” - წერს გ. კვინიტაძე.

სამოქმედო გეგმის შესახებ იგი აღნიშნავს: ,,გადავწყვიტე, უპირველეს ყოვლისა, შეტევა თბილისის მხრიდან მოახლოებულ მტერზე განმეხორციელებინა და უკუმეგდო, ხოლო მისი მოწინავე რიგები სრულიად გამენადგურებინა. საამისოდ ვითარებაც გვიწყობდა ხელს. 6000-მდე კაცი მყავდა, რაც ჩემი აზრით, საკმარისი იყო ჩვენს სიახლოვეს მყოფ მოწინააღმდეგის ნაწილზე იერიშის მისატანად, რადგან მისი ძალების ნაწილი უთუოდ თბილისამდე იყო გაჭიმული. 

გენერალი კონიაშვილი ადგილიდან გათენებისას უნდა დაძრულიყო და მთებზე გავლით მტრის მარჯვენა ფლანგზე და ზურგში იერიში მიეტანა. მის მიერ გასავლელი რაიონი თავისუფალი იყო მტრისაგან, რომელმაც რკინიგზის ჩრდილოეთით გაშლა ჯერ ვერ მოასწრო, იგი ის-ის იყო ჩვენი ფრონტის წინ, შორი საარტილერიო ცეცხლის მანძილზე გამოჩნდა, მეორე დღეს კი ჩვენ მივიტანეთ მასზე იერიში. მტკვარზე გადებული ხიდი მტრის ზურგში მოექცა, მოწინააღმდეგის ჯავშან-მატარებელები ვერ გამოჩნდებოდა, ვინაიდან უკან დახევისას გავაფუჭეთ ხიდები, რომელთა შეკეთებაც ჯერ ვერ მოასწრეს...

მეორე დღეს, ბრძანების თანახმად, ჯარი იერიშზე გადავიდა. იერიში ფრონტზეც და ფლანგზეც წარმატებით წარიმართა. ფრონტიდან მეთაურები თავის მოხსენებებში შეტევის წარმატებაზე მიუთითებდნენ. მოგვიანებით ეს მეთაურები ამბობდნენ, არ ველოდით რომ გაშლილ ადგილზე, თოვლში, მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ ჯარი ასე მამაცურად შეუტევდაო. ამას ის გამოცდილი მეომრები ამბობდნენ, როგორებიც სუმბათაშვილი და მაზნიაშვილი იყვნენ... სამწუხაროდ, ამავე დღეს დაბინდებამდე ბრძოლის დასრულება ვერ შევძელით. ამაში გვარდიის შეყოვნებამ შეგვიშალა ხელი.

შებინდებისას ჩვენთვის ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა. მარცხენა ფლანგის შეტევა, რომელიც არსებული ჯარის ნახევრისაგან შედგებოდა და ორმოცზე მეტი ტყვიამფრქვევი ჰქონდა, მოწინააღმდეგისათვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. მარცხენა ფლანგმა მტერს შემოუარა და მთებზე განლაგდა; მტერი დაბლობში იმყოფებოდა. მოწინააღმდეგეს არტილერიის ნაწილი უკვე მიეტოვებინა და ჩვენი ჯარი მთიდან გახსნილი ცეცხლით მტერს ზარბაზნების გატანის საშუალებას არ აძლევდა. მარჯვენა ფლანგზე განლაგებულ მტრის ცხენოსანთა რაზმს ჩვენი მარცხენა ფლანგის ქვეითმა ჯარმა გარს შემოუარა. დაბნელებამდე ამგვარი ვითარება შეიქმნა. ჩემი შტაბის ჩინოსნები გამოცოცხლდნენ და ხელებს იფშვნეტდნენ. ვითარება ნამდვილად სახარბიელო იყო.  ხაშურთან მტრის რაოდენობა 3000 ხიშტს ითვლიდა. ჩვენი ჯარი მას ორჯერ აღემატებოდა. ესეც ჩვენს სასიკეთოდ მეტყველებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ დროს გორის სადგურში თბილისიდან ჩვენს მთავრობასთან მოსალაპარაკებლად გამოსული დეპუტაცია იმყოფებოდა... უკვე კონსტანტინეპოლში თბილისიდან ჩამოსულებმა მიამბეს, რომ განგაში და არეულობა თბილისსაც მოსდებოდა.

მართლაც, ჩვენი წარმატება მოწინააღმდეგეს მძიმე ყოფაში ჩააგდებდა. თბილისიდან სწრაფი დახმარების მიწოდებას ვერ შეძლებდნენ. ჩვენი წარმატებით დაიმედებული მოსახლეობა აღსდგებოდა, რაც ჩვენს მდგომარეობას გააუმჯობესებდა, ხოლო მოწინააღმდეგე კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა...



გითხარით, რომ ჩემი შტაბი გამოცოხლდა და უკვე მომავალ წარმატებას ზეიმობდა. ,,ხვალ ვუჩვენებთ სეირსო”, - გაიძახოდნენ. მე კი თავს მოუსვენრად ვგრძნობდი. ამის მიზეზი თითქოს არც ყოფილა, მაგრამ გულზე რაღაცა სიმძიმე მაწვა, რაღაც მაფორიაქებდა. ,,ნაადრევად ნუ გიხარიათ”- ვეუბნებოდი, - ,,ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა; ხვალ მოწინააღმდეგეს თუკი განვდევნით, აი, მაშინ ვიზეიმებთ-მეთქი”.

ღამის პირველი საათისათვის გენერალ კონიაშვილის მოხსენება მივიღე. იგი ყველაფერს ცვლიდა. მატყობინებდა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფმა ჯარმა, თვითნებურად, მოწინააღმდეგის მხრიდან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, მიატოვა პოზიციები და უწესრიგოდ მიემართება სურამისაკენ. მდგომარეობა უეცრად შეიცვალა. ჩვენ გამარჯვებულები აღარ ვიყავით; პირიქით, გენერალ მაზნიაშვილისა და გენერალ სუმბათაშვილის ნაწილები, რომლებმაც დილიდან ვაკეზე წაიწიეს, მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ. მოწინააღმდეგე, რომელსაც ვეღარავინ შემოუვლიდა, თვითონ ისარგებლებდა ამ მთებით და ჩვენს ნაწილებს, რომლებიც იძულებულნი იქნებოდნენ, უკან დაეხიათ, თვითონვე მოუვლიდა ზურგიდან”.

ამიტომ გ. კვინიტაძე იძულებული გახდა, უკან დახევის ბრძანება გაეცა, თუმცა გენერალ გ. მაზნიაშვილის ნაწილები საღამოზე ისევ ოსიაურთან იდგნენ, იქვე იყო გვარდიაც, რომელიც ამჯერად ბრძოლის ველის მიტოვებას არ აპირებდა. მაგრამ უკვე გვიან იყო. მოწინააღმდეგე თანდათან ძალას იკრებდა, ბრძოლის ველზე იშლებოდა და გენერალ მაზნიაშვილს ფლანგებიდან ავიწროებდა, ეს მაშინ, როდესაც პარალელურად ცენტრიდან უკვე შეტევაც დაწყებული ჰქონდათ.

მთავარსარდლის ბრძანებისამებრ გენერალმა გიორგი მაზნიაშილმაც უკან დაიხია და გვირაბით დასავლეთ საქართველოში გადავიდა.

,,ასე დამთავრდა ერთ-ერთი უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ოსიაურთან, რაზეც მხოლოდ უდიდესი ტკვილით შეიძლება საუბარი. ასე დაუკავშირდა ოსიაურის სახელი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ფურცელს.” - აღნიშნავს თამაზ ლაცაბიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები