რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ბიზნესინტერესები, დაჭერები და გუბერნატორი

 

უკავშირდება თუ არა გუბერნატორის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ გორის გამგეობის აუდიტის სკანდალურ დასკვნას, რომელიც 2012-2013 წლების პერიოდს ეხება? უკავშირდება თუ არა ,,თრიალეთის" გააქტიურება იმ ფაქტს, რომ დაკავებები შპს ,,კეთილმოწყობის" სამსახურიდან დაიწყო? ეს ის კომპანიაა, სადაც ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლობელის ნათესავი მუშაობს და მაჟორიტარ დეპუტატის გარემოცვას უკავშირდება? უკავშირდება თუ არა ,,თრიალეთის" გააქტიურება იმ ფინანსურ წყაროებს, რომლის გადახდისგან შიდა ქართლის გუბერნატორმა უარი თქვა ტელეკომპანია ,,თრიალეთის" სასარგებლოდ? ეს ის საკითხები და ფაქტებია, რომელიც ამ დავაში იკარგება...

 

 

მარცხნიდან მარჯვნივ: სოსო ვახტანგაშვილი (პარლამენტარი, ეროვნული ფორუმი); პაპუნა კობერიძე (გამგებელი 2012-2013 წწ, ეროვნული ფორუმი); ზურაბ რუსიშვილი (გუბერნატორი)

 

 

მარცხნიდან მარჯვნი: სოსო ვახტანგაშვილი (პარლამენტარი); გიორგი ჯებიშვილი (კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი); ბადრი ნანეტაშვილი (,,თრიალეთის" დამფუძნებელი)

 

 

ტელეკომპანია ,,თრიალეთმა" ის კომპანიები ჩამოთვალა, რომელიც მათი აზრით შიდა ქართლის გუბერნატორს უკავშირდება: ესენია: ,,ავტოგაზ პრო"; ,,რუკო" ,,პირამიდა", ,,ჩინებული", მშენებარე ობიექტი ატენში"

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა თითოეული ობიექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიძია.

 

,,ავტოგაზ-პრო"

 

,,თრიალეთი"-ს პოზიცია - ,,გაზ-გასამართი სადგური "ავტოგაზი", რომელიც აშენდა ზურაბ რუსიშვილის გუბერნატორობის დროს. აკონტროლებს გუბერნატორის ბიძაშვილის ქმარი აჩიკო შავდათუაშვილი."

 

ფაქტი: ავტოგასამართი სადგური ,,ავტოგაზ პრო" ეკუთვნის კომპანია  შპს ,,გაზ იმპექსს" (საიდენტიფიკაციო კოდი 205141979), რომელიც დაფუძნდა 2006 წელს თბილისის ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციის მიერ და რომელსაც დღეს საქართველოში ავტოგასამართ სადგურთა ქსელი აქვს. აღნიშნულ კომპანიის მფლობელია ანდრია ლილუაშვილი, ხოლო დაფუძნების დოკუმენტებში წერია, რომ 2006 წლის 3 აპრილს კომანიის საწესდებო კაპიტალი 900 ათას ლარს შეადგენდა.

 

2006 წლის 3 აპრილის მონაცემებით ისიც ირკვევა, რომ კომპანია ,,ოილ ლენდმა", რომლის დირექტორი იყო დავით დარჩიაშვილი, ,,გაზ იმპექსს" თბილისში კანდელაკის ქუჩა #1-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი დაუთმო, სადაც კომპანია იურიდიულად განთავსდა.

 

 ამავე წელს, ,,გაზ იმპექსმა" საკუთარი ქონების აუდიტორული შემოწმება ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ამ 900 000 ლარში შენობა-ნაგებობების ფასი 150 000 ლარს, ხოლო მიწის ფასი  750 000 ლარს შეადგენდა. პირველი ავტოგასამართი სადგური ,,გაზ იმპექსს" ბორჯომში აღმაშენებლის ქ. 40-ში ჰქონდა.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ანდრია ლილუაშვილის ძმას მამუკა ლილუაშვილს ესაუბრა.  ის გაოცებულია იმით, თუ საიდან დააკავშირეს მისი გაზგასამართი ქსელი შიდა ქართლის გუბერნატორს.

 

,,ჩვენი საოჯახო ბიზნესი გვაქვს წლების განმავლობაში. უბრალოდ ამაზე კომენტარიც რომ გავაკეთო, სასაცილოა. ან რა ვალდებული ვარ, ვინმეს რამე ავუხსნა. ელემენტარულად ჩაიხედონ დოკუმენტებში. მე პრობლემების მეტი გორის მერიისგან არაფერი შექმნია.  ორჯერ ვარ დაჯარიმებული გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ. გუბერნატორს რომ ჩემთან რაიმე შეხება ჰქონდეს, ამდენი პრობლემა მექნებოდა? ვიდრე წმინდაწყალზე ავაშენებდით გაზგასამართ სადგურს, მანამდე რამდენიმე სხვაგან მაქვს აშენებული, მათ შორის ბერბუკში" - განაცხადა მამუკა ლილუაშვილმა.

 

 წმინდაწყლის გაზგასამთ სადგურში ინჟინერ-მენეჯერად ატენის ყოფილი გამგებელი (ისიც ნაციონალური მოძრაობის პერიოდში) აჩიკო შავდათუაშვილი მუშაობს.

 

,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი აქ მუშაობა უკავშირდება იმ ჭორებს, რაც ბოლო დროს აგორდა. 600 ლარი მაქვს ხელფასი და ფაქტობრივად მექანიკოსად ვმუშაობ აქ. ჩემი მეუღლის პაპა და გუბერნატორის პაპა არიან ბიძაშვილები. იმაზეც არ შემიწუხებია გუბერნატორი, რომ საკუთარ სოფელში რწმუნებულად დავეტოვებინე" - განაცხადა აჩიკო შავდათუაშვილმა.

 

გაზგასამართ სადგურში კიდევ ერთი ატენელი მუშაობს, ლაშა ჯიოშვილი. ოღონდ ის არა თუ იმ პარტიის წევრია, რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორი წარმოადგენს, არამედ ,,თავისუფალ დემოკრატებს". ლაშა ჯიოშვილი გორის მერიიდან იმ დროს გაათავისუფლეს, როდესაც ,,თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" გაემიჯნენ.

 

,,რუკო"

 

,,თრიალეთი" - ს პოზიცია - ,,გორის ცენტრში, თეატრის გვერდით მდებარე მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "რუკო", რომელსაც კონტროლს უწევს გუბერნატორის ბიძაშვილი, აჩიკო შავდათუაშვილის მეუღლე, ნინო ვანიშვილი. (როგორც ზურაბ რუსიშვილის დეკლარაციაშია აღნიშნული, გუბერნატორად დანიშვნამდე, "ქართუ ბანკის" გარდა, "რუკოს" კონსულტანტად მუშაობდა). "

 

ფაქტი: ლომბარდი ,,რუკო" გორში, ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე 2010 წლიდან მუშაობს. ამ კომპანიაში დირექტორად ნინო ვანიშვილი მფლობელებმა 2010 წლიდან დანიშნეს. ნინო ვანიშვილი ზემოთ ნახსენები აჩიკო შავდათუაშვილის მეუღლეა. შპს ,,რუკოს" მფლობელები კი მალხაზ სამხარაძე და დავით კორახაშვილი არიან.

 

ნინო ვანიშვილი, გარდა იმისა, რომ აჩიკო შავდათუაშვილის მეუღლე, ის ატენის თემის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატის სოსო ვანიშვილის დაა. სოსო ვანიშვილი სოფლის დეპუტატად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს და ამჟამად გორის რაიონის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა. 

 

სოსო ვანიშვილი ,,ქართუ ბანკში" მუშაობდა. 

 

,,ჩინებული" და ,,პირამიდა"

 

 ,,თრიალეთი" -ს პოზიცია - ,,გუბერნატორის, ზურაბ რუსიშვილის მეჯვარემ და ახლობელმა, ზურა ლაზარაშვილმა მილიონი დოლარის კრედიტით, ვინმე ლაბაძისგან შეისყიდა სტალინის სახლ-მუზეუმის უკან მდებარე რესტორანი "ჩინებული" და სავაჭრო ცენტრი. ასევე, თეატრის გვერდით მდებარე კაფე "პირამიდა". ამბობენ, რომ ზურა ლაზარაშვილმა კრედიტი აიღო გუბერნატორის დახმარებით, სავარაუდოდ "ქართუ ბანკიდან" და რომ გუბერნატორს აქვს საკუთარი ინტერესები, მით უფრო, რომ შეზღუდეს იმ ტერიტორიაზე კვების ობიექტების მუშაობა და ერთ-ერთი, სტალინის სკვერში."

 

ფაქტი: მცირე რესტორანი ,,ჩინებული" სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ცენტრის გვერდით მდებარეობს. ობიექტი 2010 წელს ყოფილი გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის პერიოდში აშენდა. გაზეთი ,,ქართლის ხმა" (შემდგომში qartli.ge), ჯერ კიდევ, 2010 წელს წერდა, რომ მიწის ფართობი აუქციონზე გადიოდა და ადგილობრივი მოსახლეობა მის გაყიდვას აპროტესტებდა. ეს მიწა შეიძინა კომპანია ,,რეალ ისთეით კომპანიმ", რომელმაც ნაყიდ მიწაზე აგურით ნაშენები 13 მაგიდიანი რესტორანი ააშენა. 2013 წლის 3 ივლისს ,,რეალ ისთეით კომპანიმ" რესტორანი გაყიდა და ის ზურაბ ლაზარაშვილმა შეიძინა. თუმცა  დედაზე, რუსუდან ბულაშვილის სახელზე გააფორმა.

 

გარდა ,,ჩინებულისა", ზურაბ ლაზარაშვილმა ,,პირამიდა" , ე,წ, ,,წვიმის სახლი", რომელიც გორის თეატრის ეზოში ამავე 2010 წელს აღნაგობის იჯარით აშენდა, იმავე ,,რეალ ისთეით კომპანისგან" 2013 წლის ივლისში შეიძინა.

 

,,ეს ობიექტები მაშინ შევიძინე, ვიდრე ზურაბ რუსიშვილი გუბერნატორი გახდებოდა და არც კი იყო მის დანიშვნაზე საუბარი. ზურაბ რუსიშვილი ჩემი მეჯვარეა. ის 2009 წელს გავიცანი, როდესაც ბანკი ,,ქართუსგან" სესხი ავიღე. ჩვენი ურთიერთობა მაშინ დაიწყო. მე ვიყავი ამ ბანკის რაიონული ცენტრის ერთ-ერთი სერიოზული კლიენტი. 2009 წლის შემდეგ სესხი არც კი ამიღია ბანკუ ქართუ-დან." - გვეუბნება ზურაბ ლაზარაშვილი.

 

ზურაბ ლაზარაშვილი სასტუმრო ,,ინტურისტის" იმ ნაწილის მფლობელია, სადაც ამჟამად ,,ლიბერთი ბანკის" გორის სერვისცენტრის მთავარი ოფისი ქირითაა განთავსებული. მამამისი გოგი ლაზარაშვილი (ახალი მემარჯვენეების ყოფილი წარმომადგენელი) გორის დეპუტატიც იყო. სოფელ ნიქოზში ფერმერული მეურნეობაც აქვთ. მიწის დიდი ფართობები ოკუპირებულ ტერიტორიებზეც კი დარჩათ.

 

,,თუ რამეს მიმიღწევია მე და ჩემ ოჯახს, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მოხდა. რაც ზურაბ რუსიშვილი გუბერნატორად დაინიშნა, მე არც ფინანსური აქტივები შემიძენია და სესხიც კი არ ამიღია ,,ქართუდან". ბოლოს სესი ,,საქართველოს ბანკში" ავიღე, ისიც თბილისის ფილიალში. ზურაბ რუსიშვილს რომ ჩემი ბიზნესის ხელშეწყობა სურდეს, 2013 წლის ივლისში შეძენილ ობიექტების გამო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაკისრებულ ჯარიმებს არ გადავიხდიდი. თურმე ეს ობიექტები ისე ყოფილა აშენებული, რომ სამშენებლო ნებართვები არ არსებობდა" - განაცხადა ზურაბ ლაზარაშვილმა.

 

რატომ მაინც და მაინც ზურაბ ლაზარაშვილმა შეიძინა ,,ჩინებული" და ,,პირამიდა?". ამ კითხვაზე ზურაბ ლაზარაშვილი პასუხობს, რომ ,,რეალ ისთეით კომპანის" ქონებას სხვა მყიდველი არ გამოუჩნდა.

 

,,მათ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა. ბოლო შეხვედრაზე მათ ის რეალური ფასი შევთავაზე, რის გადახდასაც მე შევძლებდი და ეს მათთვის მისაღები აღმოჩნდა. ვიმეორებ, ეს ყველაფერი მოხდა ზურაბ რუსიშვილის გუბერნატორამდე, როცა ის ბანკ ,,ქართუში" მუშაობდა. გარდა ამისა, ბიზნესის განსავითარებად სესხიც შემდგომში სხვ ბანკში, საქართველოს ბანკში ავიღე და ეს საჯარო რეესტრის მონაცემებშიც ჩანს" - განმარტავს ზურაბ ლაზარაშვილი. 

 

,,მშენებარე ობიექტი ატენში"

 

 ,,თრიალეთი" - ჩემს კითხვაში ნახსენები, ატენში მშენებარე ობიექტი, რომელიც გაურკვეველია, არის სახლი თუ სასტუმრო, და რომლის მშენებლობას კურირებს სოფო მიხანაშვილის მამა როინ (როსტომ) მიხანაშვილი. აღსანიშნავია, რომ ობიექტზე არ არსებობს მშენებლობის ნებართვის და დამკვეთის აბრა. მოსახლეობის წარმომადგენლები, ჩვენთან აცხადებენ, რომ ეს მშენებლობა ეკუთვნის გუბერნატორს, თუმცა ჩვენ ვერ შევძელით დაგვეზუსტებინა, რადგან არც აბრა არსებობს და არც ინფორმაციას გვაძლევენ. თუმცა, მთავარია ის, რომ ამ მშენებლობას ახორციელებს ისევ ის როინ მიხანაშვილი, რომელიც რეგიონში ყველა ტენდერს იგებს."

 

ფაქტი: 2014 წლის 8 აპრილს საარქივო ცნობის მიხედვით როსტომ მიხანაშვილი 2 343 კვ.მ მიწის ფართობს იფორმებს. როსტომ მიხანაშვილი სამშენებლო კომპანია ,,ვერელი +"-ის ხელმძღვანელია. აღნიშნული სამშენებლო კომპანია სახელმწიფო შესყიდვების აქტიური მონაწილე 2010-2011 წლიდანაა.

 

როსტომ მიხანაშვილს შიდა ქართლის გუბერნატორთან აკავშირებს ის ფაქტი, რომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი სოფო მიხანაშვილი როსტომ მიხანაშვილის შვილია.

 

,,ვერელი +" საქმიანობის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა არაერთი მასალა მოამზადა. იხ. აქ:

 

გოლოშვილების მიწა

 

,,თრიალეთი"-ს პოზიცია - ,,ატენში მცხოვრები თამაზ გოლოშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ როინ მიხანაშვილმა წაართვა მიწის ნაკვეთი. ისინი ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთზე როინ მიხანაშვილი გუბერნატორთან ერთად აპირებს შამპანურის ქარხნის გახსნას. "

 

ფაქტი: მიწის ნაკვეთი, რომელიც გაფორმებულია გიგა მიხანაშვილის სახელზე, წარმოადგენს 15 წლიანი იჯარით აღებულ ქონებას. ამ მიწის ნაკვეთზე მოქცეულია თამაზ გოლოშვილის მიერ აშენებული მცირე ზომის შენობა ნაგებობა. თამაზ გოლოშვილმა (რომელიც გააფრთხილეს, რომ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნლისტებს არ ენდოს) ამბობს, რომ მიწის დაკანონება მას სურდა და მიითვისა როსტომ მიხანაშვილმა (გიგა მიხანაშვილის მამა).

 

აღმოჩნდა, რომ გიგა მიხანაშვილს მიწის ნაკვეთი მიაქირავა კომპანია ,,პროექტების მართვის სააგენტომ", რომელიც სახელმწიფო მომსახურების ბიუროს ეკუთვნის. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო მომსახურების ბიურო კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის.

 

ფაქტობრივად, მიწა კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაა. ,,პროექტების მართვის სააგენტოს" სარგებლობაშია ყველა ის სახელმწიფო მიწა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.  ეკონომიკის სამინისტრო ,,პროექტების მართვის სააგენტოს" მეშვეობით სახელმწიფო მიწების იჯარით ან ქირითაა დაკავებული. გადასახადი კი ბიუჯეტში შედის.

 

რაც შეეხება თამაზ გოლოშვილსა და როინ მიხანაშვილს შორის სადავო მიწას, გაცხადებულია, რომ ამ მიწის ფართობზე შამპანურის ქარხანა უნდა აშენდეს.

 

თამაზ გოლოშვილის მეუღლე და როსტომ მიხანაშვილი ბიძაშვილები არიან.

 

,,ამ მიწაზე წლებია დავა გვაქვს. ეს როინმა (როსტომ მიხანაშვილი) ძალიან კარგად იცოდა. მიუხედავად ამისა, მაინც ისე მოახერხა, რომ მას აეღო. ისე გააკეთეს, რომ ჩვენ არ გაგვაგებინეს. რომ მცოდნოდა, რომ მიწა აუქციონზე იჯარით გაიტანეს, მონაწილეობას მეც მივიღებდი" - ამას მას შემდეგ აცხადებს თამაზ გოლოშვილი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის კეთილსინდისიერებაში დარწმუნდა. მას საჯაროო რეესტრის ვეგ-გვერდზე სადავო მიწის შესახებ აეროგადაღების ფოტოები ვაჩვენეთ.

 

,,რატომ ფიქრობთ, რომ ამ მიწით გუბერნატორია დაიინტერესებული?" - ვკითხეთ თამაზ გოლოშვილს. ,,მე მითხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ ეს ადგილი გუბერნატორმა როინ მიხანაშვილთან ერთად დაათვალიერა. თუ გუბერნატორს არ აქვს ინტერესი ამ მიწაზე, მასთან ერთად რატომ მოვიდა?" - კითხულობს თამაზ გოლოშვილი.

 

,,ეს პიროვნება ჩემთან იყო მოსული" - ამბობს შიდა ქართლის გუბერნატორი - ,,წარმომიდგინა საბუთები, მაგრამ მე ვუთხარი, რომ მოსამართლის ფუნქციებს ვერ ავიღებდი, შესაბამისად, იჯარით გაცემული მიწის თაობაზე უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ გავაუქმებდი. ვერც ის მოვიძიეთ, რომ მას ამ ფართის დაკანონების მოთხოვნით მუნიციპალიტეტისთვის როდისმე მოემართა." - აცხადებს გუბერნატორი.

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯერ კიდევ 2008-2009 წწ-დან არსებობს მიწის საკუთრების აღიარების კომისია, რომელიც მოქალაქეებს სარგებლობაში მყოფ დაურეგისტრირებელ მიწებს უკანონებდა.

 

,,მე რამდენიმე წლის წინ მივმართე მხოლოდ ქონების მართვის სააგენტოს, სადაც მითხრეს, რომ ასეთ დაკანონებებს ისინი არ აკეთებდნენ. არც ის უთქვიათ, რომ მიწის აღიარების კომისია არსებობდა" - გვითხრა თამაზ გოლოშვილმა.

 

პირობა პირობაა

 

ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მიერ წარმოდგენილი კომპანიების ნუსხასთან დაკავშირებით შიდა ქართლის გუბერნატორი აცხადებს:

 

,, როგორ ჩანს ძალიან გაუჭირდათ ჩემზე კომპრომატების მოძებნა, მე თავად "დავეხმარები" მათ. "თრიალეთის" განცხადების პათოსიდან გამომდინარე, მასში მოყვანილი ბიზნესების ნუსხას დავუმატებ კიდევ რამდენიმე მსხვილ ბიზნესს ბანკების სახით, რომლებშიც ჩემი რამდენიმე უახლოესი მეგობარი მუშაობს და მაშინ , ტელეკომპანიის მესვეურთა ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ამ რამდენიმე ბანკის მფლობელიც მე ვყოფილვარ. ტელეკომპანიის განცხადებები ერთადერთ მიზანს ისახავს - ჩემი, როგორც შიდა ქართლის მხარის სახელომწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის დისკრედიტაციას. რადგანაც ტელეკომპანია "თრიალეთმა" ვერ დაამტკიცა ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, დადგა დრო, რომ ტელეკომპანიამ და პირადად მისმა მფლობელმა, ბადრი ნანეტაშვილმა საჯაროდ მოიხადონ პრემიერ–მინისტრთან დაპირებული ბოდიში."-ნათქვამია შიდა ქართლის გუბერნატორის საპასუხო განცხადებაში.

 

შიდა ქართლის გუბერნატორი ადგილობრივ ტელეკომპანია ,,დიასთვის" მიცემულ ინტერვიუში იმასაც აცხადებს, რომ რეგიონში გარკვეულ ძალებს არ სურთ ისეთი გუბერნატორი, რომელიც ქრთამს არ იღებს და გარიგებებში არ შედის. 

 

რაც შეეხება გორის მაჟორიტარ დეპუტატს სოსო ვახტანგაშვილს, მას ჯერჯერობით, სკანდალურ აუდიტის დასკვნაზე, კეთილმოწყობის სამსახურში ჩატარებულ დაკავებაზე და იმ ფაქტებზე, რომელიც მისი გუნდის წევრების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების გააქტიურებას უკავშირდება, კომენტარი არ გაუკეთებია. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი თითოელ საქმეზე და გუბერნატორის იმ განცხადებაზე, რომ რეგიონში გარიგებებში შესული გუბერნატორი არ აწყობთ, შემდგომში შემოგთავაზებთ.

 

პ.ს. თითქმის ორი თვეა გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაფინანსების და ხარჯების შესახებ დოკუმენტაციის გადმოცემას გვპირდება.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.