რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის პირველი გაზეთი - რა იწერებოდა 100 წლის წინ
საქართველოში პირველი ქართული გაზეთი დაარსდა 21 მარტს (ძველი სტილით - 8 მარტი). "საქართველოს გაზეთს" კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ ერმოლოვის მფარველობითა და უშუალო მეთვალყურეობით გამოსცემდნენ.

გორში კი პირველი გაზეთი თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ გამოვიდა.

,,მეოცე საუკუნეს გორი 18 ათასი მცხოვრებით შეხვდა” – ამბობს Qartli.ge-სთან საუბარში გორის უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ მამულაშვილი, რომელმაც გორის პრესის ისტორიის შესახებ სპეციალური ნაშრომი ჯერ კიდევ ორი წლის გამოსცა.

ვასილ მამულაშვილი თვლის, რომ ამ პერიოდში გაზეთის არსებობის აუცილებელ პირობას გორის მაზრაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სპექტრი ქმნის. ,,ქალაქს ჰყავს მმართველობა და თვითმმართველობა. ჰყავს საქალაქო სათათბირო, რომელიც 42 ხმოსანისგან შედგება. სათათბირო ირჩევს აღმასრულებელ ორგანოს – გამგეობას. სათათბიროს მთავარი ფუნქცია კომუნალური მეურნეობის ხელმძღვანელობაა” – განმარტავს ვასილ მამულაშვილი.

ამავე დროს, 900-იანი წლების დასაწყისია, საინტერესო მოვლენები ვითარდება პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ პერიოდში გორი საპროტესტო მანიფესტაციების ცენტრშია. უკეთესი ცხოვრების მოპოვების სურვილით და საბრძოლო თვითშეგნების ამაღლებისთვის იყო განპიროვნებული გორის საოსტატო სემინარიაში პროტესტი;

მოხდა ხალხოსნური ცენტრის დაარსება გორში; ,,საიდუმლო კომიტეტის” შექმნა და ჟანდარმერიის რეპრესიები; მიმდინარეობდა რევოლუციური მოძრაობა და გორში გლეხობისა და მუშების გამოსვლა; ადგილი ჰქონდა ,,თავისუფლადმოაზროვნეთა საიდუმლო წრე”-ს, ასევე ,,სოციალ-დემოკრატიული პარტიის გორის ორგანიზაციის” ჩამოყალიბებას; ეწყობოდა ხალხმრავალი მიტინგები და დემონსტრაციები. 1901-10 წლების რევოლუციური პროცესები ი. სტალინის სახელთანაა დაკავშირებული.

გორის კულტურული ცხოვრება ასე გამოიყურება, გორში მარი ბროსეს ჩამოვიდა, ეწყობა ქართულ-რუსული ლიტერატურის საღამოები; აღსანიშნავია, აკაკის ხანგრძლივი სტუმრობა გორში; ლადო აღნიაშვილის, ი. რატილის, რუსული საოპერო დასის გასტროლები; რაფიელ ერისთავის საუბილეო საღამო, ილია ჭავჭავაძის ხსოვნის საღამო, შეხვედრები კოტე მესხსა და ნატო გაბუნიასთან.

გორში მიმდინარე პროცესების შესახებ მასალები იბეჭდება საქართველოს სხვადასხვა პერიოდულ, ასევე რუსეთისა და მსოფლიოს პრესაში. ქართულ გაზეთებს ,,ივერია”, ,,დროება” ,,სახალხო გაზეთი” და ა.შ. საკუთარი კორესპონდენტები ჰყავს გორში. ,,ასეთ სიტუაციაში” – ამბობს ვასილ მამულაშვილი – შეიქმნა იმის საჭიროება, რომ გორს საკუთარი გაზეთი ჰქონოდა”.



პირველი ნომერი – ,,ამ დღიდან გორში სულ სხვაგვარი ცხოვრება დაიწყო”


გაზეთი ,,ქართლი” 1912 წლის 24 ივნისს გამოვიდა.
ოთხგვერდიანმა გაზეთმა სულ 8 თვე იარსება და 80 ნომერი დაიბეჭდა. მისი რედაქტორი იაკობ ცინცაძე იყო, რომელიც პრესის ფურცლებზე ია ეკალაძის ფსევდონიმს იყენებდა.

,,ბევრი წვალებისა და ჯახირის შემდეგ ცხრაას თორმეტი წლის 24 ივნისს გამოვეცით პირველი ნომერი გაზეთ ,,ქართლისა”. ვინც რა უნდა სთქვას, რა აზრისაც უნდა იყვნენ გორის ცნობილი თუ არა ცნობილი დღევანდელი მოღვაწენი, მოვა დრო, რომ ჩვენი მწერლობის ისტორიას ამ დღეს ისტორიულ დღედ აღიარებს გორის ცხოვრებაში და აღიარებს იმიტომ, რომ ამ დღიდან გორში სულ სხვაგვარი ცხოვრება დაიწყო” – ,,კობა”.

ეს ის ,,კობა” არ გეგონოთ, შემდგომში სტალინად წოდებული, არამედ ეს ,,კობა” გაზეთის გამომცემელია, იაკობ ცინცაძე. ის იხსენებს იმას, თუ როგორ შეხვდა გორის საზოგადოება პირველ გაზეთს.

,,უნდა გენახათ რა გაუბედავის ნაბიჯით უახლოვდებოდნენ გაზეთის პირველი ფურცლის მხილველნი რედაქციის ოთახს, რა სახე, რა გამომეტყველება ჰქონდათ! ზოგის სახეზე აღბეჭდილიყო განცვიფრება, ზოგასზე უიმედობა, ზოგისაზე დაცინვა, ზოგისაზე ღიმილი შებრალებისა რედაქტორისადმი. არა!… ამ დღის მოკლედ აღწერა შეუძლებელია, ამ დღეს უნდოდა ნახვა და განცდა!”

გაზეთ
ის ოფიციალურ მეპატრონედ და მზრუნველად გორის ქართველ გამომცემელთა ამხანაგობა ,,ქართლი” გვევლინება, რომელსაც უცვლელად თავმჯდომარეობდა ზ.დ. ქიტიაშვილი. თავდაპირველად ამხანაგობის წევრი 40-მდე ადამიანი იყო, შემდეგ 80-მდე გაიზარდა. გაზეთი ძირითადად შემოწირულობებით არსებობდა.

1912 წლის 8 ივლისს გაზეთის სარედაქციო კომიტეტი შეიქმნა, სადაც ცნობილი ადამიანები შევიდნენ: ,,ანასტასია ერისთავ-ხოშტარია, ნიკო ლომოური, თედო რაზიკაშვილი, ი. ცინცაძე (რედაქტორი), კ. ელიოზიშვილი.”

საგულისხმოა, რომ მთელი თავისი არსებობის მანძილზე გაზეთი ,,ქართლი” კვირაში სამჯერ – ოთხშაბათობით, პარასკეობით და კვირაობით გამოდიოდა. თუმცა გაზეთს ყოველდღიური ერქვა. პირველ ხანებში გაზეთის ტირაჟი შეადგენდა 400 ცალს, ხოლო შემდეგ მისი რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა. უკანაკსნელი მე-80 ნომერი გამოვიდა 1913 წლის 24 თებერვალს. გაზეთს 1912 წლის 24 ოქტომბრამდე რედაქტორობდა იაკობ ცინცაძე, ხოლო შემდეგ თავადი მ. ციციშვილი, რომელიც ამავე ამხანაგობა ,,ქართლის” თავმჯდომარე იყო.



ცენზურა


რედაქტორმა იაკობ ცინცაძემ გუბერნატორისგან ნებართვა 1912 წლის 29 მაისს მიიღო. ნებართვის შემდეგ საჭირო იყო ცენზორის დანიშვნა, რადგან ეს პერიოდისათვის აუცილებლობას წარმოადგენდა. პროფესორ ვასილ მამულაშვილს მიაჩნია, რომ გაზეთ ,,ქართლს” ცენზურა თითქმის არ განუცდია.

,,თითქმის 55 ნომერი ისე გამოვიდა, რომ ოფიციალურად გაზეთს ცენზორი არ ჰყავდა. დოკუმენტებით მტკიცდება, რომ ზ. ქიტიაშვილი, რომელიც ამავე დროს ამხანაგობა ,,ქართლის” დამფუძნებელი და ფინანსისტია, მეფისნაცვლის ბრძანებით ცენზორად 1912 წლის 11 ნოემბერს დაინიშნა” – ამბობს ვასილ მამულაშვილი.

მართლაც, 1912 წლის 11 ნოემბერს ,,ქართლმა” დაბეჭდა ინფორმაცია: მეფის მოადგილემ გრაფმა ვორონცოვ-დაშკოვმა დაამტკიცა ზაქარია ქიტიაშვილი გაზეთ ,,ქართლის” ცენზორად. ამ დროისთვის უკვე გამოსულია გაზეთის 55 ნომერი. მანამდე გაზეთის რედაქციას ცენზორად საკუთარი კანდიდატურა ნიკო ლომოური ჰყავდა.

ვინ იყო ცენზორი ზაქარია ქიტიაშვილი? იგი იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც ხელთ ეპყრა ქალაქის ცხოვრების საჭე. იგი ერთხანს იყო ქალაქის მოურავი, ქალაქის საბჭოს წევრი, რაც მთავარია ის იყო გამომცელობა ,,ქართლის” გამგეობის თავმჯდომარე.

1912 წლის 4 მაისს ამხანაგობის კრებაზე წარმოადგინეს ხარჯები. ,,ქართლის” ხარჯები ასე გამოიყურებოდა: ,,გაზეთის ყოველთვიური ხარჯი შეადგენდა 418 მანეთს, შემოსავალი კი 364 მანეთს არ აღემატებოდა. ხარჯთარრიხვაში შედიოდა 10 თუმანი (რედაქტორი ხელფასი) და 45 მანეთი (კანტორაში მომუშავეთათვის)” – ასკვნის ვასილ მამულაშვილი.

პროფესორ ვასილ მამულაშვილის ნაშრომში ვხვდებით მასალებს, თუ როგორ ფინანსურ კრიზის განიცდიდა გაზეთი; როგორ დადგა რამდენჯერმე გაზეთის დახურვის საკითხი; როგორ მიმდინარეობდა გაზეთის გადარჩენის გზების ძიება; იმ პერიოდისთვის გაზეთის გამოცემა საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო, რომელიც შესაბამის ფინანსებს მოითხოვდა.


გაზეთის ,,რეკლამა”


გაზეთი წლიურად და დამატებიანად 5 მანეთი ღირდა. ნახევარი წლით – 2 მან. 60 კაპეკი. უდამატებოდ წლიურად 4 კაპეკი. ხოლო ცალობით ყველგან 3 კაპიკი.

განცხადების ფასი: ,,პირველ გვერდზე, წვრილი ასოებით სტრიქონი – ორი შაური, უკანასკნელი – ერთი შაური; სამგლოვიარო განცხადების ერთხელ დაბეჭდვა ორი მანეთი!”

იქვე პირველივე ნომერში მოყვანილია ერთ-ერთი განცხადება, რომელიც პირველი უნივერნაღის ტიპის მაღაზიის არსებობას ადასტურებს: ,,ალექსანდრე სამხარაძის მარაზიაში იყიდება ყოველგვარი საქონელი, ჭურჭელი, იყიდება ასევე გრამაფონები, ფირფიტები, საგზაო კალათები, ბავშვებისათვის სათამაშოები… ყველა საქონელი სანდოა და თავდებობითი. მისამართი: სამეფო ქუჩა, ალექსანდრე სამხარაძე”. იქვეა დაბეჭდილი ექიმებისა და საპარიკმახეროების განცხადებები.

საინტერესოა განცხადება გორის კერძო ქირურგიული სამკურნალოს შესახებ, რომელიც ე.წ. სობორნისა და სემინარიის ქუჩის კუთხეში მდებარეობდა. განცხადების მიხედვით, ქირურგიულ სამკურნალოში 10 საწოლი იდგა. ცალკე ექიმები უვლიდნენ მწოლიარე ავადმყოფებს, ცალკე ექიმები კი ,,გარედან მოსიარულე" ავადმყოფებს უვლიდნენ.

ექიმის რჩევა 50 კაპიკი ღირდა, ხოლო ერთი საწოლი 2 მანეთი, ცალკე ოთახში 4 მანეთი ღირდა.

ამავე განცხადების მიხედვით, ოპერაციები, ელექტრონით წამლობა, მასაჟი, კონსულიუმი, ყვავილის აცრა, ძიძათა შემოწმება და სხვა ,,შეღავათიან ფასებში" კეთდებოდა.

გაზეთში ასეთ ცნობას შეხვდებით: ,,ოთხშაბათს, 27 თიბათვეს, საღამოს, ადგილობრივი სცენის მოყვარეთაგან წარმოდგენილი იქნება ცნობილი პიესა ,,მსხვერპლი”, ი. გედევანიშვილის, ვ. აბაშიძისა და გ. არადელ-იშხნელის მონაწილეობით”. მეოთხე გვერდი მატარებლების განრიგს აცნობს მკითხველს.

გორში ჩამოსული თბილისელი მსახიობების კრიტიკა

თეატრის ცხოვრების ირგვლივ საინტერესო ინფორმაცია მოიპოვება გაზეთის ფურცლებზე. კერძოდ, 1912 წლის 20 ივლისს გორში, თბილისის დრამატულმა კოლექტივმა წარმოადგინა ჩირიკოვის პიესა ,,ჯადოსანი”. ამასთან დაკავშირებით, იბეჭდებ რეცენზია, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული არა მარტო ავტორი პიესისა, არამედ მისი ,,გადმომქართულებლებიც” და ჩამომტანიც. პირდაპირ შეგვიძლია წავიკითხოთ რეცენზენტის მოსაზრება:

,,სწორედ საზიზღარი სანახავი იყო მთელი ტანის უზნეოდ მრხეველი, თითქმის ტიტველა ქალი. რამ აფიქრებინა ბატონ ქიტიაშვილს ამ ქალის მოპატიჟება? გორის საკრბულო კაფე ,,შანტანი” ხომ არ არის? ან თუ მოიწვიეს, რატომ მოწაფე და ახალგაზრდობა დარბაზიდან არ დაითხოვეს? რას აკეთებს გორის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობა? რატომ გვერდში არ ამოუდგება კლუბის მამასახლისებს და არ ასწავლის მათ: როგორი გასართობებია საჭირო ხალხისთვის!” – ციტატის დასასრული.

გაზეთ ,,ქართლს” ჰქონდა რუბრიკა ,,ჭორი”. პროფესორი ვასილ მამულაშვილი ყურადღებას ამახვილებს ასევე ფელეტონს ,,ზურაბ ქართველიშვილი – იგივე შოვინისტი”-ს. გაზეთში სიცოცხლე და ხალისი შეჰქონდათ ,,დათიკოს გასართობებს”. გაზეთში ასევე იპარებოდა შეცდომებიც.

მაგალითად, ,,ქართლის” ერთ-ერთ ნომერში გავიდა ასეთი ინფორმაცია: ,,მტკვრის ხიდზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ვინმე მღებროვმა ხიდიდან წყალში გადააგდო ავეტიკიანი. ჩხუბის მიზეზი ქათამი იყო”… შემდეგ ნომერში გაზეთი ,,გასწორებას” იძლეოდა: ,,მღებროვმა კი არ გადააგდო ხიდიდან მტკვარში ავეტიკიანი, არამედ პირიქით: ავეტიკიანმა გადააგდო მღებროვი”.


გაზეთის იდეოლოგია


მკვლევარებში გავრცელებული აზრით, გაზეთი ,,ქართლი” ეკუთვნოდა ხალხოსნებს. თუმცა პროფესორ ვასილ მამულაშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული გაზეთი არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობის გავლენის ქვეშ იყო და ემსახურებოდა ეროვნულ იდეოლოგიას. თუმცა ჩვენის მხრიდან უნდა აღინიშნოს, რომ თუნდაც ეროვნული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოქცეული პრესა თავისებურად დამოკიდებული ხდება.

ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ ,,ქართლის” რედაქტორმა იაკბ ცინცაძემ 1911 წელს ურთიერთობა გაწყვიტა ხალხოსნების გაზეთად წოდებულ ,,სახალხო გაზეთთან”. როგორც იაკობ ცინცაძის თანამდროვე და მეგობარი ი. ვართაგავა გადმოგვცემს, მიზეზი ,,ფედერალისტებთან” წინააღმდეგობა ყოფილა.

გაზეთ ,,ქართლის” 63-ე ნომერში ვკითხულობთ: ,,გაზეთი პრინციპულად ეწინააღმდეგება ,,სახალხოელებს”. ,,სახალხო გაზეთი” ორგანოა ისეთი უქნარა, გულღრძო და მხოლოდ მოქალაქე ჯგუფისა, რომლისაც ჩვენ არა გვწამს რა. ამიტომაც იყო, რომ მათთან საერთო არა გქვონია რა” – წერია გაზეთში.

სწორედ ამ ფაქტების საშუალებით, პროფესორი ვასილ მამულაშვილი თვლის, რომ: ,,გორის პირველი გაზეთი ,,ქართლი” იყო და არის ეროვნულ-ხალხოსნურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული გამოცემა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.