სხვადასხვა
,,მაგდანას ლურჯა", ,,მაია წყნეთელი" - სოფელი, სადაც ქართული კინოს შედევრები გადაიღეს
სოფელი უფლისციხე 1960-იან წლებში დაიცალა. საბჭოთა ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა, უკეთესი საცხოვრებელი პირობების მოსაწყობად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვახვრელში გადაასახლა.

დაურიგეს ნაკვეთები, მისცეს კომპენსაცია. მიუხედავად ამისა, 90-იან წლებამდე, 10-მდე მოსახლემ ძველი სოფელი არ მიატოვა. ოჯახების ნაწილი ქვახვრელში დასახლდა. ნაწილი კი, ცალკე კომპაქტურად განთავსდა, რომელსაც ახალი უფლისციხე უწოდეს.

ძველ სოფელში სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ცხოვრობდნენ შუშანა პოღოზაშვილი-სირანაშვილი და დევანოზ ორთანეზაშვილი. ამჟამად, ძველი სოფელი ნასახლარია.

ძველი უფლისციხის სოფლის ფოტოები მოგვაწოდა მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მასალა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მოხალისეობრივი და საგანმანათლებლო პროექტის "ამბები უხუცესებისგან" ფარგლებში მოიპოვეს. ,,ამბები უხუცესებისგან" მუზეუმის თანამშრომელმა ინა კარელიძემ განახორციელა.

ამ სოფლის მკვიდრია გიგუცა თათრიშვილი, მუზეუმის ექსკურსიამძღოლი, რომელსაც ზედმეტი სახელი ჰქვია ,,სტალბერა". იხსენებს, რომ იმ პერიოდის ახალგაზრდებს საკუთარი სოფლის მიტოვება ძალიან უჭირდათ.

სოფელ უფლისციხეშია გადაღებული არაერთი საბჭოთა ფილმის ეპიზოდები, ,,მაგდანას ლურჯა"; ,,მაია წყნეთელი"; ,,ცისკარა"; ,,ფიროსმანი" და ა.შ.


კადრები ფილმიდან ,,მაგდანას ლურჯა" (1955 წელი)

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1955 წლის მხატვრული ფილმი. მისი დამდგმელი რეჟისორები არიან თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე. მთავარ როლებში: დუდუხანა წეროძე (მაგდანა); ალექსანდრე ომიაძე (გიგო პაპა); ლიანა მოისწრაფიშვილი (სოფო); როლანდ (მიხო) ბორაშვილი (მიხო); ნანი ჩიქვინიძე (კატო)

პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის მიიღო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საფრანგეთში (1956)



სოფელი უფლისციხე

1736-1789 წწ. საისტორიო დავთრებში ჩამოთვლილია სოფელ უფლისციხეში მცხოვრები ქართლის საკათალიკოსო ყმები: ხუციშვილები, ნაზარასშვილები, ერაღაშვილები; ადუაშვილები, სირანაშვილები, გაბინაშვილები; ჩაღაბაშვილები; აკოფასშვილები; აზარბეგასშვილები; ორთანეზასშვილები, ტერ საკა, გიგოლაშვილები, ვართუმაშვილები; პაპიაშვილები; წიწიკაშვილები; გალუსტაშვილები; ბერიკაშვილები.



კადრები ფილმიდან ,,მაია წყნეთელი"


1959 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია რეზო ჩხეიძე. მთავარ როლში ლეილა აბაშიძე



კადრი ფილმიდან ,,ფიროსმანი"


გიორგი შენგელაიას ფილმი. მოპოვებული აქვს ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია, გრან-პრი „ოქროს ჰიუგო“ ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ასევე, აზოლოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, 1974



სოფლის ეკლესია

ფოტო, სავარაუდოდ, გადაღებულია მე-19 საუკუნეში. ბოლშევიკების პერიოდში ეკლესია მთლიანად დაანგრიეს. ნახევრად დანგრეულია კოშკიც. კოშკის გადარჩენილ ნაწილშია, ამჟამად, სამლოცველო

Print

სტატიის გამოყენების პირობები