სხვადასხვა
კიბოს მოთვნიერება
მასალა გამოქვეყნებულია ჟურნალ ,,ინდიგოსთან" თანამშრომლობით

ერთ ჩვეულებრივ დღეს, ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მისაღები წერეთლის გამზირზე სავსე იყო პაციენტებით. 48 წლის ნინო ცალუღელაშვილიც ერთ-ერთ მორიგ გასინჯვაზე იყო მისული და მშვიდად ელოდა თავის რიგს. განსაკუთრებული ღელვის მიზეზი არც ჰქონდა: სარძევე ჯირკვლის სკრინინგი მისთვის ჩვეულებრივი რუტინა იყო, რომელსაც წელიწადში ორჯერ გადიოდა.

შფოთის საბაბი მაშინ გაჩნდა, როდესაც ექიმებმა ყველა პაციენტი გაისტუმრეს და ნინო დატოვეს. მამოლოგმა მეორედ, უფრო ყურადღებით შეამოწმა და გადასამოწმებლად სხვა მამოლოგს დაუძახა.

იმ დღეს ნინოსთვის გადაჭრით არაფერი უთქვამთ. პასუხისთვის 10 დღეში დაიბარეს და უთხრეს, რომ სარძევე ჯირკვლებში კარცინომა, ანუ ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა.

– ექიმი გყავთ? – ჰკითხა მამოლოგმა.

– არა, – უპასუხა ნინომ.

მამოლოგმა ბლოკნოტში ქექვა დაიწყო. პოტენციური ექიმის სახელს და გვარს კარნახობდა, მაგრამ ნინოს მისი სიტყვები აღარ ესმოდა.

ქუჩაში რომ გავიდა, ფერებს ვეღარ არჩევდა: წერეთლის გამზირი მთლიანად ნაცრისფერი იყო.

ქმარს დაურეკა და დიაგნოზი უთხრა.

ფერების აღქმის უნარი მალე აღუდგა. სხვისი საუბრის მოსმენას და სრულყოფილად აღქმას კიდევ ორ კვირას ვერ ახერხებდა. გონება სულ გაფანტული ჰქონდა. დიაგნოზის შემდეგ, ოპერაციამდე, ანალიზების პასუხების გასაგებად მარტო არ დადიოდა, თან შვილები მიჰყავდა.

ოპერაციამდე ორი კვირით ადრე, ნინო სახლში მარტო დარჩა: ქმარი გავიდა, გოგონები ლექციებზე წავიდნენ. 87 წლის დედას მეორე სართულზე ეძინა. ნინო მას ავადმყოფობაზე ვერ ელაპარაკებოდა: დედას ალცჰაიმერის დიაგნოზი წლების წინ დაუსვეს და დიდი ხანია, აღარაფერი ახსოვდა.

ნინოს ისევ კიბოზე ფიქრები აეშალა. დაავადებამ ცხოვრება ერთი ხელის მოსმით შეუცვალა.

– ყველაფერმა, რაც აქამდე გამიკეთებია, აზრი დაკარგა. რა გავაკეთე, რატომ? ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა.

ფიქრებში წასულმა გონება დაკარგა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ასე. გონზე რომ მოვიდა, კვლავ მარტო იყო.

– ასე ყოველ წუთს რომ ვიფიქრო სიკვდილზე, სიცოცხლეს ხომ უფრო შევიმოკლებ-მეთქი. ჩემს თავს შემოვუძახე: დედაჩემი მისახედია, შვილებს ვჭირდები . სიკვდილის უფლება არ მქონდა. არ დაიჯერებ, მაგრამ ამის შემდეგ ჩემი თავის გადასარჩენი გეგმა დავსახე.

იხ. გაგრძელება
Print

სტატიის გამოყენების პირობები