სხვადასხვა
1 სექტემბერს შოთა ჩოჩიშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
46-წლის წინ, 1972 წლის 1 სექტემბერს, შოთა ჩოჩიშვილი, საბჭოთა კავშირის სახელით, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ოლიმპიურ ჩემპიონამდე, 10 წლით ადრე, ქარელის რაიონის ჩემპიონი იყო.

,,სოფელში გავიზარდე და როგორც ყველა სოფლელ ბიჭს, მშობლები არც მე მანებივრებდნენ. ფეხი ავიდგი თუ არა, მაშინვე საქმე გამომიჩინეს: გაზაფხულზე მამასთან და ძმასთან ერთად მიწას ვბარავდი, ზაფხულში წყაროდან წყალს ვეზიდებოდი, წისქვილში საფქვავს ვუთენებდი, მამას ტყეში დავდევდი, შემოდგომით სიმინდს ვამტვრევდი, ნამგლით ხმელ ფუჩეჩს ვჭრიდი, ჩამობერტყილ კაკალს ვკრეფდი და წვრილიანში თონის ჩასაკიდებელ ფიჩხს ვაგროვებდი...” - ეს ინტერვიუ გამოქვეყნებულია წიგნში ,,შოთა ჩოჩიშვილი“, რომელიც ნუგზარ შატაიძემ ოლიმპიური ჩემპიონის გარდაცვალების შემდეგ, გამოსცა.

შოთა ჩოჩიშვილი:
,,ტყეში დილაუთენია მივდიოდით. როგორც ყველა ბავშვს, მგლისა მეც მეშინოდა და მახსოვს, ერთხელ მამაჩემს ვკითხე - აქ მგელმა საით უნდა ჩამოიაროს-მეთქი. ამის გამო ხშირად დამცინოდნენ, მე კი ვცდილობდი ის შიში გულიდან როგორმე ამომეგდო. ამოვიგდე კიდეც. მაშინ შეძენილი გაბედულება და შეუპოვრობა მომავალში ძალიან გამომადგა. ტყიდან ჩამოსულებს, დედა ამოზელილ ლობიოსა და ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს გვახვედრებდა. ახლაც მახსოვს იმ ლობიოსა და ხაჭაპურის გემო... ‘’

,,15-16 წლის ბიჭი ვიყავი, როცა ასეთი რამ მესიზმრა: თეთრწვერიანმა, თეთრი სამოსით შემოსილმა მოხუცმა საჭიდაო ხალიჩაზე შემიყვანა, დამაჩოქა და თავზე ხელი დამადო. ჩემს წარმატებას მე სწორედ იმ მოხუცს ვუმადლი.“

,,დადგა ის დღე, როცა დედ-მამამ ჩემი, მერვეკლასელი ბიჭის სასწავლებლად გაგზავნა გადაწყვიტა. სწავლა ბორჯომში, სატყეო ტექნიკუმში უნდა გამეგრძელებინა. კარგად მახსოვს გამგზავრების წინა საღამო...… დედაჩემი ეზოში პურს აცხობდა, ჩუმად ტიროდა და მისი ცრემლები თონეში ცვიოდა. მეც ხელით ვიმშრალებდი თვალებს. არასოდეს დამავიწყდება ბორჯომი, ეს საოცარი ქალაქი, რომელმაც გულში ჩამიკრა და დამავაჟკაცა. რა დამავიწყებს მის ზღაპრულ პარკს, გოგიასა და პავლეს ციხეებს, ლომის მთას, ჩემს ტექნიკუმს, მასწავლებლებს, განსაკუთრებით მის დირექტორს, ქალბატონ ქსენია ხაჩიძეს და კიდევ თენგიზ გოგრიჭიანს, რომელმაც ჭიდაობას მაზიარა.“

1967-68 წლებში შოთა ჩოჩიშვილი ქარელის რაიონის ჩემპიონი გახდა, მაგრამ პირველი სერიოზული წარმატება მაშინ მოვიდა, როცა იგი გურამ პაპიტაშვილს შეხვდა.
1972 წელს ხმა გავარდა და ამ ხმამ თბილისშიც ჩამოაღწია, რომ ჩოჩიშვილი მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე მიჰყავდათ.

შოთა ჩოჩიშვილი: „თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა, ერთ მშვენიერ დღეს, კიევის საწვრთნელ ბაზაზე, ანდრეევმა დამიბარა და მითხრა _ საკავშირო სპორტკომიტეტის მესვეურებმა გადაწყვიტეს მიუნხენში სოლოდუხინი წაიყვანონო. რა თქმა უნდა, ელდა მეცა. ანდრეევი ჩემს დამშვიდებას შეეცადა, რას იზამ, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინა გაქვსო. ერთი სიტყვით, პირში ჩალაგამოვლებული გამომისტუმრეს. ჩამოვედი. ისე ვარ გამშრალი, დანა რომ დამკრან, წვეთი სისხლი არ გამომივა. არ გინდა სოფელში მისვლა? მაგრამ რას ვიზამ. ღვლევში რომ ავედი, კვირა დღე იყო, ბიჭებმა მაშინვე საჭიდაოზე გამაქანეს, სადაც შეჯიბრება ტარდებოდა. ძალიან ბევრს მეხვეწნენ, მაგრამ არ მიჭიდავია. არაფრის თავი არა მქონდა. მოწყენილი ვიჯექი და ჭიდაობას გულგრილი სახით ვუყურებდი. მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი სისულელე იყო, მეგონა, რომ ჩემი სპორტული კარიერა დამთავრდა და ტატამზე აღარასოდეს გამოვიდოდი. სწორედ ამ დროს საჭიდაოზე ვიღაცა მოვარდა - სადა ხარ, ბიჭო, პაპიტაშვილი გეძებსო!

,,მაშინვე გორში გავქანდი და გურამი ვნახე. იმან ახალი ამბავი მახარა: თურმე ანდრეევი კიევიდან მოსკოვში ჩასულა და საკავშირო სპორტკომიტეტის თავკაცებისთვის დაუსაბუთებია _ მიუნხენში ჩოჩიშვილი უნდა წავიყვანოთ და არა სოლოდუხინიო. ჩავედი თბილისში, იქ თვითმფრინავში ჩამსვეს და სასწრაფოდ მოსკოვში გადამაფრინეს.“

,,ეგრე ვიზრდებოდი. გამუდმებულმა შრომამ კარგად გამომჯეგა, ფიზიკური ძალა და ამტანობა შემძინა. ამტანი, ძლიერი და შეუპოვარი ყმაწვილი კი მშვენიერი მასალაა ძიუდოსთვის. რაღა დარჩა? - ნიჭი. ეს ნიჭი კი, ეტყობა, შთამომავლობით დამყვა: მთელი ჩემი სანათესავო ჭიდაობაზე გიჟდებოდა - მამაჩემი სამსონი კარგი ფალავანი იყო, დედაჩემის ძმა ვიქტორ ცხოვრებაძე - კიდევ უკეთესი, ხოლო ჩემი დეიდაშვილი, ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭი, ცხონებული კობა კურტანიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახლდათ. ეს ტრადიცია ჩემმა შვილებმაც გააგრძელეს: რამაზი ევროპის ორგზის პრიზიორი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. სამჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი. რეზო კი მსოფლიო თასის მეორე პრიზიორი და საქართველოს ჩემპიონია სამბოში. ჯერ არ ვიცი, ჩემი შვილიშვილები რას იზამენ. ოთხი მყავს: შოთა, მარინე, გიორგი და დემეტრე. ორი რამაზისაა და ორიც - რეზოსი. რა ვიცი, ვნახოთ. ის პატრა, მგონი, პაპის კვალზე უნდა წავიდეს...’’

Print

სტატიის გამოყენების პირობები