სხვადასხვა
,,ცხვარი - ბატონს და ძროხა - ანტონსო“ - რას გულისხმობს ქართული ანდაზები
ხშირად იყენებენ გამონათქვამებს, რომლის მნიშვნელობა ნაკლებად იციან. ენათმეცნიერ ზურაბ ჭუმბურიძის კრებულში ის ხალხური იგავებია თავმოყრილი, რომელიც ქართულ ანდაზებს საფუძვლად დასდებია.

კრებული ცოტა ხნის წინ, გორის გაუქმებული ბიბლიოთეკების წიგნად ფონდში იპოვეს. ეს წიგნები ერთ-ერთ საწყობში იყო გადაყრილი და შემთხვევით აღმოაჩინეს.

,,ბატონის ნებაა, საითაც უნდა, იქით ზამს ფეხსაო“

ბატონი თავის ყმით გზაზე მიდიოდა, მდინარეს მიადგა. მეორე ნაპირზე უნდა გასულიყო, ხიდი კი არ ჩანდა. ბატონმა ყმას უბრძანა:
- შედი, წყალი გაფონეო.
- არა, შენი ჭირიმე, მე ბატონის წინ ფეხს როგორ წავდგამო, - უპასუხა ეშმაკმა ყმამ.
ბატონმა შეტოპა მდინარეში, წაიქცა და წყალს მიჰქონდა. ყმას უთხრეს:
- უშველე, შენი ბატონი იხრჩობაო.
მან უპახუსა:
ბატონი თავის ნებაა, მე ვერ დავუშლიო: თუ უნდა მაღლა იზამს ფეხებს, თუ უნდა - დაბლაო“

,,უეარესზე უარესი არ დაილევაო“

ერთმა მგზავრმა დაინახა თურმე, გამხმარი თავის ქალა მიგორავდა და იძახდა:
- გარდამხდა გარდასავალი, აწი უარესს მოველიო.
მგზავრს გაუკვირდა: - ამაზე უარესი რაღა უნდა მოუვიდესო?!
ამ დროს დაუბერა ქარმა და ქალა გახურებულ საკირეში გადააგდო. ამის დანახვაზე მგზავრმა წამოიძახა: - უარესზე უარესი არ დაილევაო.

,,დიდს ხელი იცნობს და მსუქანს ყელიო“

ბრმა პაპას შვილიშვილი ხორცის ნაჭერს აწვდიდა და თან ეუბნებოდა:
- აჰა, პაპა, დიდი და მსუქანი ნაჭერიო.
- მოიტა, შვილო, დიდს ხელი იცნობს და მსუქანს ყელიო, - უპასუხა პაპამ.
-
,,ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო“

წისქვილში ჯერზე დიდი ცილობა იყო. ერთმა საფქვავის პატრონმა მეწსიქვილეს ღვინო მიუტანა საღვინე დოქით. სამაგიეროდ, მეწისქვილემ მისი საფქვავი ჯერზე ადრე დააყარა. ამის დანახვაზე სხვა მესაფქვავეებმა ყაყანი ატეხეს, მეწისქვილე კი ღვინოს შეექცეოდა და თან ღვინის მომტანს ამშვიდებდა:
- ვინც რა უნდა თქვასო, საღვინემ კი ფქვასო“. (შემდეგ საღვინე წისქვილით შეიცვალა)

,,ისეთი გოდორი დასწანით, თქვენს შვილებსაც გამოადგესო“

ერთ ქვეყანაში წესად ჰქონდათ: კაცი რომ დაბერდებოდა, ჩასვამდნენ გოდორში და კლდეზე გადააგდებდნენ. ერთი კაცი დაბერდა და მისმა შვილებმაც დაიწყეს გოდრის წვნა. მოხუცმა დაინახა და უთხრა:
- ისეთი გოდორი დასწანით, თქვენს შვილებსაც გამოადგესო.
შვილებს შერცხვათ და განზრახვაზე ხელი აიღეს.


,,საღვინემ ერთხელ ჩემთვისაც წამოაჩქაფუნოსო“

ორი კაცი ღვინოს სვამდა. ვისაც საღვინე ეჭირა, ის მეორეს ნაკლებს უსხამდა. თავისთვის კი, ძალიან ივსებდა სასმისს. დაჩაგრულმა ვეღარ მოითმინა და შენიშნა: ეგრე ძალიან ნუ ივსებო. მეღვინემ თავი იმართლა:
- არც მე მინდა, მაგრამ საღვინე წამოაჩქაფუნებს ხოლმეო.
- შე დალოცვილო, მაგ საღვინემ ერთხელ ჩემთვისაც წამოაჩქაფუნოსო, - უპასუხა თანამესუფრემ.

,,არ მინდი, ქალო, არც დაგლევ წყალო“

ერთ საცოლო ვაჟს თურმე ქალს ურიგებდნენ. სარძლოს სანახავად ვაჟის მამა წასულა. სამამამთილომ ქალს სთხოვა:
- შვილო, წყალი დამალევინეო.
ქალიშვილი არ წამომდგარა, იქვე მაგიდაზე დადგმული ჭურჭლიდან დაასხა წყალი და მიუჩოჩა სამამამთილოს. მოხუცს კაცს სარძლოს ასეთი ქცევა არ მოეწონა და თქვა:
- მითრილო ქალო, მოთრილო წყალო, არც მინდი, ქალო, არც დაგლევ წყალო“

,,მე ვუშვებ, მაგრამ თვითონ არ მეშვებაო“

რამდენიმე კაცი დათვის ბუნაგს მიადგა. თურმე დათვი ბუნაგში ყოფილიყო. ეცა ყველაზე წინ მდგომს და მოუნდომა შიგნით შეთრევა. სხვები უკნიდან მოეჭიდნენ ამხანაგს, ექაჩებოდნენ და თან უყვიროდნენ:
- კაცო, მოეშვი მაგ დათვსაო!
- მე კი ვუშვებ, მაგრამ ეს დათვი აღარ მეშვებაო, - უპასუხა გამწარებულმა ამხანაგმა.

,,ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“

ერთმა კაცმა მამალი მოიპარა და ჩოხის კალთის ქვეშ დამალული მიჰყავდა. მამლის პატრონი დაეწია და ნახა, რომ მამალს კალთის ქვემოდან ბოლო უჩანდა. ქურდი პატრონს ეფიცებოდა:
- ღმერთმანი, შენი მამლისა არაფერი ვიციო.
- ფიცი მწამს, აი ეგ მამლის ბოლო მაკვირვებსო, - უპასუხა პატრონმა.

,,ყვავსაც თავისი ბახალა მოსწონსო“

კაცს ყვავი შემოხვდა და ჰკითხა: - კოწკოწინა ხომ არ შეგხვედრია გზაზედაო?
- კოწკოწინა არა და ყვავის ბახალა კი შემხვდაო.
- ჰოდა ჩემი კოწკოწინაც ეგ არისო, - უპასუხა გახარებულმა ყვავმა.

,,ცხვარი - ბატონს და ძროხა - ანტონსო“

ერთ გლეხს დიდი სათხოვარი ჰქონია ბატონთან. ბატონის მოურავი, სახელად ანტონი, გლეხს ბატონთან შუამდგომლობას და დახმარებას დაჰპირებია, ოღონდ ქრთამად მოუთხოვია ერთი ცხვარი და ერთი ძროხა, თანაც დაბეჯითებით უთქვამს: ცხვარი ბატონს უნდა მიართვა და ძროხა კი - მეო.

,,ძაღლი აგიშვია, ქვა დაგიბამსო“

ერთ ზამთრის ყინვიან ამინდში კაცი სოფლის გზაზე მიდიოდა. უცებ ეზოდან ძაღლი გამოხტა და მგზავრს შეუტია. კაცი მოსაგერიებლად ქვას დასწვდა, მაგრამ ქვა მიწას მიჰყინვოდა და ვერ აიღო.
- ღმერთო, ეს რა გიქნია. ხვა დაგიმაბს და ძაღლი აგიშვიაო, - წამოიძაღა მგზავრმა.

,,ვირს უჯერებდნენ და ვირის პატრონს - არაო“

მოლას მეზობელმა ვიდი სთხოვა. მოლამ უარი უთხრა: შინ არ მყავსო. ამ დროს ბოსელში ვირმა დაიყროყინა.
- მოლა, არა გრცხვენია, მატყუებდიო? - უსაყვედურა მეზობელმა.
- - როგორ, ვირის ყროყინის გჯერა და ჩემი სიტყვები არაო?! - თავი იმართლა მოლამ.

,,ან ვირი, ან ვირის პატრონი“

მოლამ ერთ კაცს პირობა დაუდო: ოც წელიწადში შენს ვირს წერა-კითხვას ვასწავლიო, თან ბედ ასი მანეთი გამოართვა. მოლას ცოლმა რომ გაიგო, ჰკითხა: - ვირს ანბანი როგორ უნდა ასწავლოო?
- არხეინად იყავი, ოც წელიწადში ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო,“ - ჩაიცინა მოლამ.


,,შენს თავს მოატყუეო“

გასათხოვარმა ქალიშვილმა უთხრა დედას: - სიძე მოდისო.
- აბა სად არისო?
- მოგატყუეო
- შენს თავს მოატყუეო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები