გორის ქალაქად ჩამოყალიბება დავით აღმაშენებელს უკავშირდება.
საისტორიო წყაროების (მათე ურჰაელი) მიხედვით, სომხეთის ქალაქ
ანისიდან მტრის მიერ შევიწროებული მოსახლეობა დავით აღმაშენებელმა
საქართველოში, გორაზე დაასახლა. მკვლევართა აზრით, ეს „გორა“ ის
ადგილია, სადაც დღეს ქალაქი გორი მდებარეობს.
მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ ანისელი სომხების ნაწილი
აღმაშენებელმა დღევანდელი ახალგორის ტერიტორიაზეც მიიყვანა, რის გამოც
სახელწოდება „ახალგორიც“ შესაძლოა სწორედ აქედან მომდინარეობდეს.
ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი ნაშრომში „გორის ისტორია“
აღნიშნავს, რომ ახალგორელ სომხებს თავი დავით აღმაშენებლის დროინდელი
ანისელი სომხების შთამომავლებად მიაჩნიათ.
ეთნოგრაფი სერგი მაკალათია არ გამორიცხავს ვერსიას, რომ ანისიდან
წამოყვანილი მოსახლეობის ნაწილი დღევანდელ გორში, ნაწილი კი ახალგორში
დასახლდა.
ქალაქი გორი საისტორიო მწერლობაში XIII საუკუნიდან ჩნდება, მას
შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა იგი ქალაქად გადააქცია. მანამდე რა
ერქვა ამ ადგილს, რომელიც ანტიკური ხანიდან იყო დასახლებული?
ელდარ მამისთვალიშვილი მიიჩნევს, რომ სიმართლესთან ახლოს დგას ვახუშტი
ბატონიშვილის ვერსია: „ამან სახელი მოიგო გორისგან, რომელიც აღმოსრულ
არს მუნ დიდი“.
მამისთვალიშვილი აღნიშნავს, რომ ქალაქად ჩამოყალიბებამდე გორი
უძველესი დასახლება იყო, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენებიც
ადასტურებს:
1850 წლის პირველი გათხრებისას გორში აღმოჩნდა პართიული დრაქმების
განძი.
XX საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა ე.წ. კოლხური სტატერი (თრაკიის
მეფის, ლისიმაქეს სტატერის მინაბაძი), რომელიც ძვ. წ. III–I
საუკუნეებს განეკუთვნება.
აღმოჩენილია ეგვიპტის დედოფლის, კლეოპატრას, და ანტონიუსის მოჭრილი
მონეტაც.
1939 წლის ივლისში გორის ციხეზე აღმოაჩინეს ძვ. წ. I საუკუნის ქალის
ქანდაკების ფრაგმენტი.
1940 წელს, დღევანდელ ჭავჭავაძის გამზირზე, ინსტიტუტის წინ, 2,1
მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა საფლავი — მიცვალებული პირდაპირ მიწაში იყო
დამარხული, მძივებითა და თიხის ჭურჭლით.
იმავე ტერიტორიაზე მეორე საფლავში აღმოჩნდა ჩვ. წ. I საუკუნის პართიის
მეფის დრაქმა, ეგვიპტური მძივები და ლითონის სამკაულები.
როგორც ელდარ მამისთვალიშვილი წერს:
„ასეთი ნუმიზმატიკური მონაცემები, ასეთი თავმოყრა სამონეტო
ერთეულებისა, ეჭვგარეშეა, დაკავშირებული იყო მძლავრ და მნიშვნელოვან
ბაზართან, რომელიც თავის მხრივ ძლიერ სახელოსნო-სავაჭრო ცენტრს უნდა
დაყრდნობოდა“.