ახალი ამბები
„ღრომიდან სიდნეიში“ - 1919 წელს გორიდან წაყვანილი ობოლი ბიჭის ისტორია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში მცხოვრებმა შალვა გიგოლაშვილმა 1977 წელს შეიტყო, რომ ავსტრალიაში ცხოვრობდა მისი მოსახელე და მოგვარე, რომელიც ბავშვობაში, 1919 წელს, ბრიტანელ ჯარისკაცებს გორიდან ინგლისში წაუყვანიათ. ბიჭს, ერთ-ერთი ვერსიით, ბოლშევიკებმა დაუხოცეს მშობლები. 1919 წელს მეჯვრისხევში ბოლშევიკების აჯანყება მოხდა.

,,ზე
ღდულეთის სკოლაში ვმუშაობდი პედაგოგად. დაბრუნებისას საგაზეთო ჯიხურში გაზეთი „სამშობლო“ ვიყიდე. ერთ-ერთ გვერდზე ვნახე, რომ ვინმე ჩარლზ-შალვა გიგოლაშვილი ეძებს თავის ნათესავებს გორის რაიონში“. გაზეთის ფურცლებზე გამოსახული იყო ჩარლზ-შალვა გიგოლაშვილის ახალგაზრდობის ფოტო.'' - იხსენებს უფლისციხელი შალვა გიგოლაშვილი ჩვენთან საუბარში.

პედაგოგმა სოფელ უფლისციხეში პაპასა და ბებიას (ჯერ კიდევ ცოცხლები ჰყავდა) ჰკითხა, ხომ არ ჰყავდათ ვინმე ახლობელი საზღვარგარეთ. უფლისციხელებმა ასეთი ვერავინ გაიხსენეს და დაასკვნეს, რომ ავსტრალიაში მცხოვრები ჩარლზი მათი ნათესავი არ იქნებოდა.

ორი კვირის შემდეგ პედაგოგი შალვა გიგოლაშვილი გორის ქალაქკომის მდივანმა ბერიანიძემ დაიბარა. კაბინეტში შესულს „გიგოლაშვილის გვარის“ სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. ქალაქკომის მდივანმა, როგორც ინტელიგენტსა და პედაგოგს, უფლისციხელ შალვა გიგოლაშვილს ჩარლზის ახლობლების მოძებნა დაავალა.

„დავიწყე ფიქრი იმაზე, სად და როგორ მომეძებნა მისი ახლობლები. ვკითხულობდი ყველგან. სტატისტიკის სამსახურში ერთი ხნიერი კაცი მუშაობდა. იმან მითხრა, მაგ გვარის ხალხი მეჯვრისხევის ზევით რომ სოფელია, იქ ცხოვრობენო. ბიეთი ერქვა იმ სოფელს. დავბრუნდი სახლში. იმ დროს ბინაში რემონტი მქონდა და გამახსენდა, რომ ერთ-ერთი ჩვენი მუშა მეჯვრისხევის სიახლოვეს მდებარე სოფელ ღრომიდან იყო. ბიეთი თითქმის აღარც არსებობდა, დაცლილი იყო ხალხისგან. მითხრა, წავიდეთ ღრომში და მოხუცებს ეცოდინებათო“, - იხსენებს შალვა გიგოლაშვილი.

მართლაც წავიდნენ ღრომში (მეჯვრისხევის სიახლოვეს). პედაგოგმა ღამე იქ გაატარა. 

„მუკას“ ბიჭი

„ეგ უეჭველი მუკას ბიჭი იქნება“, - უთხრა ერთმა მოხუცმა კაცმა პედაგოგ შალვა გიგოლაშვილს. „მაგის ბიძაშვილი ცხინვალში ცხოვრობს. ანახეთ ფოტო და იცნობსო“, - უთქვამს მოხუცს.

მართლაც, გაზეთით ხელში შალვა გიგოლაშვილი ამჯერად ცხინვალში ჩარლზის ბიძაშვილებთან წავიდა და ვარაუდიც გამართლდა. უშუალოდ ის პიროვნება ნახა, რომელიც პატარაობისას ჩარლზთან ერთად გორში იზრდებოდა.



ბიძაშვილმა ტირილი დაიწყო და დეტალურად გაიხსენა ის დღე, როდესაც მოზარდი გორიდან გაუჩინარდა:

„ამ კაცმა მითხრა, რომ ეს კაცი, ავსტრალიაში მცხოვრები ჩარლზ გიგოლაშვილი პატარაობისას მასთან ერთად იზრდებოდა. სამხედრო პოლიგონზე ინგლისელი ჯარისკაცები გაუცნია და მათ გაჰყოლია ინგლისში“, - იხსენებს შალვა გიგოლაშვილი.

როგორ აღმოჩნდა გაზეთ ,,სამშობლოში'' განცხადება

1970-იან წლებში მსოფლიოში ანსამბლი „სუხიშვილები“ მოგზაურობდა. ერთ-ერთ კონცერტს ჩარლზ გიგოლაშვილის შვილი, პეტრე გიგოლაშვილიც, ესწრებოდა. სახლში დაბრუნებისას მამისთვის უთქვამს:

„რუსების კონცერტზე ვიყავი და ძალიან მაგრად ცეკვავდნენო“. როცა მამას გაუგია, რომ მოცეკვავეებს ჩოხები ეცვათ და დოლ-გარმონზე უკრავდნენ, წამომხტარა - „ეგენი რუსები კი არა, ქართველები არიან. აბა, მე რუსი ვარო?“ - ამბობს შალვა გიგოლაშვილი.

ჩარლზი მაშინვე წასულა „სუხიშვილებთან“ შესახვედრად. შეხვდა ილიკო სუხიშვილს და უთხრა, რომ საქართველოდან იყო.

„საიდან ხარ წარმოშობითო?“ - უკითხავს ილიკო სუხიშვილს.

„საქართველოდან ვარო“. „მეც საქართველოდან ვარო. სად ცხოვრობდიო?“ - „გორშიო“. „მთლად ჩემი მიწა-წყლის ყოფილხარო“. მერე რომ გაუგია სუხიშვილს, რომ სოფელ მეჯვრისხევიდან იყო, მთლად გადარეულა - „მეც მეჯვრისხეველი ვარო“. საბოლოოდ, ილიკო სუხიშვილის დამსახურებაა, რომ ჩარლზმა საქართველოში დაბრუნება შეძლო“, - ამბობს შალვა გიგოლაშვილი.

ილიკო სუხიშვილს ფოტოსურათი საქართველოში წამოუღია. გაზეთ „სამშობლოს“ რედაქციაში გაუგზავნია ახალგაზრდობის ფოტო. ამ ფოტოზე გამოსახული ჩარლზი კი ღრომელებმა პატარა შალვა ამოიცნეს.

მას შემდეგ, 90-იან წლებამდე, უფლისციხეში მცხოვრები შალვა გიგოლაშვილი მოსახელესა და მოგვარეს, ჩარლზ (შალვა) გიგოლაშვილს, წერილებს უგზავნიდა. პასუხიც მოდიოდა. რადგან მაშინდელი „კაგებე“ უცხოელებთან ხშირ კომუნიკაციას კრძალავდა, უფლისციხელი შალვა გიგოლაშვილი წერილებს „მოსკოვი–თბილისის“ მატარებლის საფოსტო ყუთში აგდებდა.

„იყო შემთხვევები, როცა აქაური ფოსტა წერილებს არ გზავნიდა. ამიტომ პირდაპირ მოსკოვის მატარებლის ყუთში ვაგდებდი. მერე ეს მატარებელი გაუქმდა. ქვეყანა აირია. ჩარლზი 1994 წელს გარდაიცვალა და მის შთამომავლებთან კონტაქტი აღარ მაქვს“, — ამბობს ჩვენთან საუბარში შალვა გიგოლაშვილი.

ის უკვე 80 წლისაა და სოფელ უფლისციხეში ცხოვრობს.

ღრომიდან სიდნეიში

ჩარლზი, იგივე შალვა გიგოლაშვილი, 1905 წელს გორის მაზრის სოფელ ღრომში დაიბადა. გორში დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა. მათი საცხოვრებელი სახლი რკინიგზის სადგურთან ახლოს იდგა. ბიჭი ადრე დაობლდა.

1919 წელს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა, საქართველოში ინგლისელთა არმია იდგა. ავსტრალიელი ისტორიკოსების ცნობით, ბრიტანული ჯარი იმ მიზნით იდგა, რომ საქართველო თეთრგვარდიელებისგან დაეცვა. რუსეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ერთმანეთს წითელგვარდიელები და თეთრგვარდიელები ერბძოდნენ. თეთრგვარდიელების დამარცხების შემდეგ ბრიტანელებმა კავკასია დატოვეს.

რაც შეეხება პატარა შალვა გიგოლაშვილს (შემდგომში ჩარლზს), ბრიტანელმა ჯარისკაცებმა, საქართველოს დატოვების შემდეგ, ინგლისში წაიყვანეს. თავდაპირველად, 14 წლის ბიჭი ერთ-ერთ ოჯახში მუშაობდა. ობლად დარჩენილი მოზარდი მარტო არ დაუტოვებიათ.

როგორც შემდგომში გაირკვა, ჩარლზს საქართველოში ბიძაშვილები დარჩა.

ბიძაშვილებმა 1919 წლიდან 1977 წლამდე მის შესახებ აღარაფერი იცოდნენ. ჩარლზის მამას ოფიციალურად ნიკოლოზი ერქვა, თუმცა ზახარას უწოდებდნენ. ზედმეტი სახელი იყო „მუკა“. ინგლისში წასულმა მოზარდმა მამის სახელი არ დაივიწყა და გვარად „ზახაროვი“ გახდა. ავსტრალიაში დღემდე პოპულარულია ჩარლზ ზახაროვის ისტორია. ჩარლზის ამბავი საბჭოთა წლების მკვლევრებისთვის მნიშვნელოვანი წყაროა.

ჩარლზმა იცოცხლა 1994 წლამდე და ბოლოს ავსტრალიაში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.


Print