აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. ამის შესახებ
ერთ-ერთი ახალგაზრდას ახლობელმა გვაცნობა. მისი თქმით, ტყეში გზა
აერიათ და ამჟამად თავს კარგად გრძნობენ.
განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც:
,,ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო
ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს
რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს
ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის
უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის
შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის
მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის
სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.'' - აცხადებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შეგახსენებთ, მოლაშქრეებს 3 დღეა ეძებდნენ. 7-დან ორი მოლაშქრე გორის
მუნიციპალიტეტის ქვახვრელიდანაა. ისინი ზეკარის უღელტეხილის მიმდებარე
ტერიტორიაზე შეამჩნიეს. მათთან სატელეფონო კომუნიკაცია 3 ივნისს
შეწყდა. ახალგაზრდები მწყემსმა 4 ივნისს, 5 საათზე, ტყეში
შეამჩნია.
სგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო
ოპერაციაში ჩართული იყო 40 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები. სამძებრო
ოპერაცია დრონებით მიმდინარეობდა.