შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი:
1969 წელს დაბადებული მ.ნ. და 1996 წელს დაბადებული ტ.ნ დააკავეს.
მ.ნ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ხოლო
ტ.ნ. დაკავებულია ძალადობის ბრალდებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ.-მ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, გორში,
ფინანსური დავის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას,
ნაცნობს -1972 წელს დაბადებული რ.გ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით
სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში
გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მის
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ნ.-სა და რ.გ.-ს შორის მომხდარი
დაპირისპირებისას, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბრალდებული
მ.ნ.-ის შვილი - ტ.ნ. და დაჭრილი მამაკაცის შვილი - 2001 წელს
დაბადებული ს.გ., რომელსაც ტ.ნ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ მ.ნ. და ტ.ნ მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე
დააკავა.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.