შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ გუბერნატორს შეხვდა და
რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები
განიხილა.
მთავრობის მეთაურმა მიხეილ შაყულაშვილს მომავალ საქმიანობაში
წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ახალმა გუბერნატორმა პრემიერს
გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა,
არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა
თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის
ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო
უნივერსიტეტში.
ის პროკურატურაში 2001 წლიდან მუშაობს. აღნიშნულ თანამდებობაზე
დანიშვნამდე მას გორის რაიონული პროკურორის თანამდებობა ეკავა.
პროკურატურის ცნობით, შაყულაშვილი "2009-2012 წლებში ხაშურის რაიონული
პროკურორი იყო. 2007-2009 წლებში მცხეთის რაიონული პროკურორის
მოადგილედ მუშაობდა, 2006-2007 წლებში შიდა ქართლისა და
მცხეთა-მთიანეთის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს
ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების
პროკურორის თანამდებობა ეკავა. 2001 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა
საქართველოს სხვადასხვა რაიონულ პროკურატურებში სხვადასხვა
თანამდებობებზე".
მიხეილ შაყულაშვილი თბილისის პროკურორობიდან 2018 წელს გაათავისუფლეს.
მის შესახებ ჟურნალისტი ელისო კილაძე წერდა: "ქ.თბილისის პროკურორი
მიშა შაყულაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. კახელების
კარტელის ბოლო ციტადელიც დაემხო! ეს ის პროკურორია, დათოს ჩადების
საქმეში პოლიციელების დანაშაული რომ ვერ "აღმოაჩინა" და დაწყებული
საქმე შეწყვიტა"