ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა აშშ-ის
მოქალაქე, 23 წლის ფრენკ იანეზი დააკავეს, თუმცა მალევე
გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს. როგორც
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში, კგბ-ში აღნიშნეს -
,,ოთხშაბათს, გადამოწმებისა და ფილტრაციის მთელი რიგი ღონისძიებების
შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვრის დამრღვევი
დე-ფაქტო რესპუბლიკიდან გააძევეს და ქართულ მხარეს გადაეცა.''
"ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოსა და
აშშ-ის ხელისუფლებებს, რომლებიც უარს ამბობენ სამხრეთ ოსეთის
სუვერენიტეტის აღიარებაზე და მიზანმიმართულად უმალავენ უცხო ქვეყნის
მოქალაქეებს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის
არსებობს სახელმწიფო საზღვარი", - ნათქვამია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის
უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის
მოქალაქემ არ იცოდა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო
საზღვრის არსებობის შესახებ და უკანონოდ გადაკვეთა იგი საკუთარი
სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით.
ფაქტის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
ინფორმაცია არ გაუვრცელებია.