ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ელბაქიანთკარში 6 სახლი დაიწვა.
უმრავლესობა ელბაქიძეებს ეკუთვნის.
პოლიციამ ერთ-ერთი მაცხოვრებელი ბონდო ელბაქიძე დასაკითხად წაიყვანა.
ხანძარი, როგორც ადგილობრივები გვიდასტურებენ, მისმა გაჩენილმა
ცეცხლმა გააღვივა:
,,ფოთლებს და ბალახებს უნდა მოვუკიდო ცეცხლიო. ნასვამი იყო.
გავაფრთხილეთ, ვეუბნებოდით, რომ არ დაენთო ცეცხლი. მაინც გააკეთა.
წამოვედი სახლისკენ და გავიხედე, ნახევარ საათში ცეცხლის ალში იყო
გახვეული სოფელი'' - გვეუბნება ერთ-ერთი მცხოვრები, რომელიც სოფლის
აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს, რომლის სახლი დაწვას გადარჩა.
ელბაქიანთკარში დაახლოებით 100-მდე სახლია. მჭიდროდ დასახლებული
სოფელია. მიუყვება მდინარე ძამას. მთის ფერდობი და ტყე მდინარე ძამამ
გადაარჩინა, რადგან მისი წყალობით ცეცხლი მეორე ნაპირზე არ
გავრცელდა.
ფოტოზე: ელბაქიანთკარელები და სუქანაანთუბნელები
ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ გელა ელბაქიევმა დედა, 92 წლის
ქალი ძლივს გადაარჩინა:
,,სახლში ვიყავით და მე და დედაჩემი. 92 წლის ქალია. ცეცხლის ალი
ფანჯრიდან შემოვარდა. მწოლიარე ქალია. მე რომ არ ვყოფილიყავი,
ჩაიწვებოდა იქ. ეს რა იყო, ღმერთო.'' - ამბობს გელა ელბაქიძე.
როგორც ელბაქიძეებმა გვითხრეს, დღეს ისინი მეზობლების სახლებში
გაათენებენ ღამეს. ხვალიდან კი იფიქრებენ, როგორც აღადგინონ დამწვარი
და გადადგურებული სახლ-კარი.