ახალი ამბები
დირბში 22 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ნაფიცი მსაჯულები გაასამართლებენ
აღდგომას, ქარელის სოფელ დირბში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცის შესახებ, ნაფიცი მსაჯულები იმსჯელებენ.

დღეს გორის სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი დასრულდება.

როგორც სასამართლოში აცხადებენ, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის შემდეგ გადაწყდება, თუ როდის დაიწყება საქმის განხილვა.

საქმე ეხება ამბავს, როდესაც რუსთავიდან ქარელში აღდგომის ღამეს ჩასული 22 წლის კაცი სისხლიან გარჩევას ემსხვერპლა.

დაპირისპირების მიზეზი უცნობია, ლექსო ნიადაგიშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ადგილობრივი დავით არჩვაძე დააკავეს.

22 წლის ბიჭს მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. როგორც ადგილობრივები საუბრობდნენ, მას კონფლიქტის განმუხტვა სურდა.

რაც შეეხება ბრალდებულს. მისი ადვოკატი გოჩა გოჩიტაშვილი ჩვენთან საუბარში თავიდანვე აცხადებდა, რომ საქმე იმდენად რთულია, რომ რეალურად რა მოხდა სოფელში, მართლაც გასარკვევია.

პროკურატურის ცნობით, 24 აპრილს, ქარელის რაიონის სოფელ დირბში ა.ა.-მ, შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, ა.ნ.-ს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ა. ნ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა.ა. 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

Print