7 ოქტომბერს, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სსკ-ის 342-ე მუხლით
გათვალისწინებული ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების
ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები - გელა
კაპანაძე, დავით წეწვაძე და ზურაბ ილურიძე.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
პრეს-რელიზის მიხედვით, გამოძიება ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა ჩაატარეს.
,,მიუხედავად სამსახურის დებულებით განსაზღვრული პერსონალური
ვალდებულებისა, მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეები არ
ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და არაეფექტურ კონტროლს უწევდნენ
ორგანიზაციების სახელით განხორციელებულ ფინანსურ გადარიცხვებს, რითაც
ისარგებლა ბუღალტერმა ლ. წ-მა, რომელმაც 2020 წლის 21 იანვრიდან 2022
წლის 07 აპრილის ჩათვლით პერიოდში სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო
ანგარიშებზე გადარიცხა და საკუთარი საჭიროებებისათვის გამოიყენა
სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 370
479 ლარი. როგორც ცნობილია, ჩადენილი დანაშაულისათვის ბუღალტერი ლ.
წ. დაკავებულია და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ"
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებით თბილისის საქალაქო
სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.'' - აღნიშნულია
განცხადებაში.
,,არ არიან დაკავებულები'' - ასე ეხმაურებიან ბრალდებულების ოჯახის
წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციას.