,,შთამბეჭდავია ჩუქურთმები, ორნამენტებით შემკული სვეტები. წითელი
მარმარილოთია მოპირკეთებული ვესტიბიული.'' - ასეა შეფასებული სტალინის
სახლ-მუზეუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მუზეუმის ორსართულიანი
საექსპოზიციო დარბაზი.
ეკლარის ქვით მოპირკეთებული ორსართულიანი შენობა 1957 წელს გაიხსნა,
თუმცა მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში შედის მემორიალური
სახლი (სადაც სტალინი დაიბადა), რომელიც ჯერ კიდევ 1937 წლიდან
სტალინის სიცოცხლეშივე არსებობდა.
გორის არქივის მეცნიერ-თანამშრომელმა ქეთევან მაჭარაშვილმა მოიძია
მასალები, თუ როგორ გაშენდა მემორიალური სახლი.
1935 წელს აღებული და კერძო პირებისგან გამოსყიდული იქნა სტალინის
სახლის გარშემო მიდგმული სახლები.
1947 წელს მუზეუმის მშენებლობის კვარტალში მოყოლილ კიდევ 39 ოჯახს
მიეცა სახლების შეფასების აქტი.
1951 წელს ისტორიული სახლის დაზიანებულ საძირკველს ჩაუტარდა
გამაგრებითი სამუშაოები.
1952 წელს აღებული იქნა სტალინის სახლის სამხრეთით მდებარე სტალინის,
შაუმიანის, ალიმბარაშვილის ქუჩების შუა მდებარე კვარტალი.
სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს კაპიტალური მესერით შემოფარგვლის მიზნით
1956 წელს გამოყოფილი იქნა ხარჯები. დაიწყო პარკის კეთილმოწყობის
სამუშაოები.
საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1957 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების
თანახმად, მუზეუმის ახალი შენობის ექსპლოატაციაში გაშვებასთან
დაკავშირებით აღებული იქნა ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სტალინის
მუზეუმის ძველი შენობა.
იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა 1879 წლის 21 დეკემბერს,
ტიფლისის გუბერნია ქალაქ გორში. მისი მშობლები იყვნენ ეკატერინე
(კეკე) გელაძე და ბესარიონ ჯუღაშვილი.
1888 წელს იოსები შევიდა გორის სასულიერო სასწავლებელში. 1894 წელს
იოსებ ჯუღაშვილმა წარმატებით დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი და
იმავე წელს ჩაირიცხა ტიფლისის მართმადიდებლურ სასულიერო
სემინარიაში(1894-1899).