ახალი ამბები
მუზეუმების თანამშრომლებს პენსიები მოუხსნეს - უფლისციხეში ასეთი 5 თანამშრომელია
საქართველოს მუზეუმების თანამშრომლებს, რომლებიც საპენსიო ასაკი აქვთ, პენსიები მოუხსნეს.

ამის შესახებ უფლისციხის თანამშრომლებმა გვაცნობეს, სადაც 5 პენსიორი მუშაობს, მათ შორის ღირსების ორდენოსანი გიდი.

როგორც გიგუცა თათრიშვილმა გვითხრა, სოციალური მომსახურების სააგენტოდან, 2023 წლის 1 მაისს მიიღეს წერილი, რომლის თანახმად 2023 წლის მაისიდან შეუწყდათ სახელმწიფო გასაცემელი (პენსია).

ამის საპასუხოდ, 5-ვე თანამშრომელმა მომსახურების სააგენტოს სახელზე, 16 მაისს დაწერა ადმინისტრაციული საჩივარი და ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას.

გიგუცა თათრიშვილის თქმით, არის მუზეუმები, სადაც მხოლოდ ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც საპენსიო ასაკში არიან. ამას ისიც ემატება, რომ მუზეუმში დაბალი ხელფასები აქვთ.

,,მარტო მირზაანში 12 თანამშრომელი მუშაობს, ყველა პენსიონერია და ყველას მოუხსნეს პენსია. ძალიან დიდი მღელვარებაა'' - აცხადებს გიგუცა თათრიშვილი.

როგორც მომსახურების სააგენტო ამტკიცებს, მუზეუმების თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს არ ეკუთვნით პენსია.

მუზეუმის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ისინი არ წარმოადგენენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, არამედ წარმოადგენენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავენ.

გიგუცა თათრიშვილმა გადმოგვცა იმ საჩივრის ასლი, რომელიც მომსახურების სააგენტოში გააგზავნეს და გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ:

წერილში ვკითხულობთ:

,,მოგახსენებთ, რომ დასაქმებული ვარ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ექსკურსიამძღოლის თანამდებობაზე 1988 წლიდან დღემდე. ჩემი უფლება მოვალეობაა; ვიზიტორთათვის მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დაცული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებსა და ძეგლებზე შესაბამისი ინფორმაციის, ლაკონურად და ამომწურავად მიწოდება. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ვარ დაჯილდოვებული ღირსების ორდენით და ვარ დამსახურებეული გიდი. მე არ ვეთანხმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ გარემოებათა სათანადო და გულისხმიერი შესწავლის გარეშე დაადგინა, რომ მე ვახორციელებ საჯარო საქმიანობას. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლი განსაზღვრავს სააგენტოს მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა მიხედვითაც, სააგენტოს მიზნები და ამოცანები ორიენტირებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, შენარჩუნებაზე, მოვლა-პატრონობაზე, პოპულარიაციასა თუ მის სტრუქტურაში არსებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში არსებული სამუზეუმო ექსპონატების შესწავლაზე, მათი ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრასა თუ მოძიებული მასალების დამუშავებაზე.'' - აღნიშნულია გიგუცა თათრიშვილის განცხადებაში.

საჩივარში ისიც აღნიშნულია, რომ მსგავსი დავები სასამართლოში განხილულია, რომელიც მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვეტილა:

,,მსგავს შემთხვევებზე არაერთგზის იმსჯელეს საქართველოს საერთო სასამართლოებმა, რომელთაგან ქვემოთ მოვიყვან ერთ-ერთს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის Nბს-1237 (კ-20) განჩინებას, რომელიც ზუსტად მიესადაგება მოცემულ შემთხვევას და თვალსაჩინოს ხდის სოციალური მომსახურების სააგენტოს დამკვიდრებულ პრაქტიკას, უგულებელყოს "სახელმწიფო პენსიის შესახებ" და "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონებით განსაზღვრული "საჯარო საქმიანობისა" და "საჯარო სამსახურის" დეფინიციები, მათი კუმულაციური აღქმა და გააზრება და ხსენებული ორი ნორმატიული აქტის მიმართება ერთმანეთთან.''

,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის ზემოხსენებული Nბს-1237(კ-20) განჩინების შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი უთხრა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე და გაიზიარა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შესაბამისი დასაბუთება, იმასთან დაკავშირებით, რომ კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციაში დასაქმება არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას და ამ მიზეზით პენსიის შეწყვეტა არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სამივე ინსტაცნიის სასამართლომ მკაფიოდ და არაორაზროვნად მიუთითა აღნიშნული.
Print