ახალი ამბები
„დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.'' - ღარიბაშვილი
დღეს, 29 იანვარს, პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი საქმიანობას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოზიციაზე განაგრძობს.

"დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. სულ ახალახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ვრცელი ანგარიში ჩავაბარე ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას. უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ. ჩვენი მმართველობის პერიოდში ორჯერ მომიწია უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა. ჯამში, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენი გუნდის სიძლიერის უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს, ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ. "ქართული ოცნება" უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად. რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე პოლიტსაბჭომ შემომთავაზა, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის პოსტი. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, განვიხილეთ, თანამდებობაზე ზაფხულამდე დავრჩენილიყავი, მაგრამ ვარჩიეთ, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. ",–განაცხადა მან ბრიფინგისას.

პარტიის ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება .

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრის პოზიციას 2013–2015 წლებში იკავებდა. მეორე ვადით იგი პრემიერად 2021 წელს დაინიშნა.
Print