ახალი ამბები
გორის მე-6 სკოლაში ბავშვებს მიუსაფარი ძაღლისთვის დადგმული ბუნაგი ააღებინეს
გორის მე-6 სკოლის ეზოდან მიუსაფარი ძაღლისთვის დადგმული სახლი მოსწავლეებს ააღებინეს.

ცხოველთა დამცველის, ირმა მთიულიშვილის ცნობით, გადაწყვეტილება მე-6 სკოლის დირექტორმა მიიღო.

სკოლის მანდატურმა დირექტორს არ შეგვახვედრა. გვითხრა, რომ ის ტრენინგებზე იმყოფება, მაგრამ მის ნაცვლად განგვიმარტა:

,,დირექტორი არაფერ შუაშია. ეგ ბუნაგები თვითონ მე-11 სკოლელებმა წაიღეს, რადგან სხვაგან გადავიდნენ და აქ აღარ სწავლობენ,'' - გვითხრა სკოლის მანდატურმა / დარაჯმა.

,,მე -11 სკოლა აღარ სწავლობს მე-6 სკოლის შენობაში. დირექტორმა ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მიიღო მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.'' - ამბობს გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი. ჩვენს კითხვაზე, გაჰყვნენ თუ არა ძაღლები მე-11 სკოლის მოსწავლეებს, პასუხი აღარ გაგვცა.

მე-6 სკოლის წინ მცხოვრებ მიუსაფარი ცხოველებისთვის ბუნაგები მოსწავლეებმა 5 თებერვალს დადგეს. პროექტის მომზადებაში მოსწავლეებს ისტორია/სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლიკა მელთაური დაეხმარა.



მე-11 სკოლის პედაგოგის ლიკა მელთაურის ცნობით, სახლები სწორედ ადმინისტრაციის მოთხოვნის შედეგად აიღეს:

,,კი, ავიღეთ. თქვეს, რომ სკოლის შიგნით არაკანონიერი იყო ან ბავშვებს შეუქმნიდნენ საფრთხეს (ორი ვერსია მოვისმინე). რადგან ჩვენ (მე-11 სკოლა) ისედაც სხვა სკოლაში გადავედით შენობის დაზიანების გამო და ვერ მივხედავდით, ამიტომ წავიღეთ.'' - გვითხრა პედაგოგმა.

3 ბუნაგიდან ერთი მე-9 სკოლამ წაიღო, ერთიც ერთ-ერთი მოსწავლის უბანში დადგეს მიუსაფარი ძაღლისთვის. ერთსაც მოუძებნიან ადგილს.

,,როგორც მოგეხსენებათ, მიუსაფარი ცხოველები დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო... განსაკუთრებით გაუსაძლისი ხდება მათი ყოფა ზამთარში - შიმშილს სიცივეც ემატება. არადა, არიან... რა ქნან?! შექმნა განგებამ ისევე, როგორც ჩვენ, ადამიანები. შიათ, სწყურიათ, სცივათ... სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, უპატრონო ცხოველების დახმარებისა. სკოლის მოსწავლეებმა - ეკოკლუბ "ევრიკას" ( ევრიკა- სამოქალაქო განათლების კლუბი, სსიპ ქ. გორის N11 საჯარო სკოლა ) წევრებმა - შექმნეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ცუგების სახლებითა და საკვებით უზრუნველყოფას. პროექტის განხორციელებაში, უდიდესი წვლილი მშობლებმა შეიტანეს.'' - აღნიშნავდა პროექტის ავტორი 5 თებერვალს.

იხ. ამავე თემაზე:

,,ჩვენ ვზრუნავთ'' - გორის მე-11 სკოლის მოსწავლეების პროექტი მიუსაფარი ცხოველებისთვის

 

Print