ახალი ამბები
3 ახალი სოფელი არ ან ვერ აშენდა კასპში
მეტეხი-კასპს შორის, ასევე წინარეხსა და ქვემო ჭალაში 3 ახალი სოფლი უნდა აშენებულიყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ,,პატრიოტთა ალიანსის’’ მომხრეთა მოთხოვნები დააკმაყოფილა და ,,ახალი სოფლების’’ ინვესტორებს მშენებლობის ნებართვები არ მისცა.
წინარეხში ახალი დასახლება სახელწოდებით „ჰოლივუდ სითი“, ქვემო ჭალაში — „აღმოსავლური სოფელი“, ხოლო მეტეხი-კასპს შორის ისეთი დასახლების შექმნა იგეგმებოდა, სადაც, ინვესტორის განცხადებით, ქონებას რუსეთის მოქალაქეები ვერ შეიძენდნენ.

ინვესტორებმა ბანერები უკვე აიღეს. წინარეხში ინვესტიციების ჩადებას ეგვიპტელები აპირებდნენ, ქვემო ჭალაში - საუდის არაბეთის და ერაყის მოქალაქეები. რაც შეეხება მეტეხი-კასპს შორის არსებულ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას, მის შესახებ კასპის მერია, ერთი წელია ინფორმაციას არ გვაწვდის. სასამართლომ, ადგილობრივ ხელისუფლებას მშენებლობის ნებართვის თაობაზე, ახალი გადაწყვეტილების მიღება დაავალა. თუმცა, შეცვალა თუ არა მერიამ გადაწყვეტილება, ჯერ უცნობია. ,,პასუხს გაცნობებთ'' - გვპირდებიან მერიის ადმინისტრაციაში.

„პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნების მიხედვით, წინარეხში ახალი სოფლის აშენება დაუშვებელია, რადგან ეს ტერიტორია საძოვარია; ქვემო ჭალა, როგორც საამილახვრო ტერიტორია, არ შეესაბამება არაბი ინვესტორების მიერ აშენებულ აღმოსავლურ სოფელს. რაც შეეხება მეტეხი-კასპს შორის დაგეგმილ პროექტს, იქ უარის მიზეზად კასპის განაშენიანების გეგმის არარსებობა სახელდება.

Print