ახალი ამბები
ხაშურის საკრებულოს წევრები ,,იეჰოვას მოწმეების'' შესახებ შეხვედრებს მართავენ
ხაშურში, ილიას სახელობის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები წინააღმდეგები არიან იმისა, რომ სკოლის სიახლოვეს ,,იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების'' დარბაზი აშენდეს.

ამის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც ხაშურის #3 სკოლაში გაიმართა.

სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია ამავე სკოლის დირექტორი თამარ გაგლოშვილი. მისი თქმით, პედაგოგებისა და მშობლების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. სკოლის წარმომადგენლებს ხელი აქვთ მოწერილი იმ პეტიციაზე, რომელიც საკრებულოში წარადგინეს და რომლითაც მშენებლობის ნებართვა შეჩერდა:

,,ჩემიც და ჩემი სკოლის საზოგადოების მოსაზრებაც ასეთია, რომ ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ უნდა აშენდეს სკოლის სიახლოვეს ამ მასშტაბის შენობა. იქნება ეს რელიგიური თუ სხვა ტიპის დაწესებულება. ნებისმიერი დიდი დაწესებულება ხელს შეუშლის მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილებას. ისედაც, გადატვირთულია რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა. მე ამ პოზიციიდან ვუყურებ პრობლემას, მშობლები უფრო მართლმადიდებლობის კუთხით უდგებიან საკითხს'' - ამბობს თამარ გაგლოშვილი.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ შენობის აშენებას მოითხოვდა მართლმადიდებლური ეკლესია, სკოლის დირექტორი გვპასუხობს:

,,ჩემი პოზიციაც ამ შემთხვევაშიც უარყოფითი იქნება, მე გამოვდივარ ნეიტრალურობის პოზიციიდან, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მთავარია, დაცული იყოს მათი უსაფრთხოება'' - ამბობს თამარ გაგლოშვილი.

შეგახსენებთ, ხაშურის მერიამ ,,იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრებისთვის'' მიცემული მშენებლობის ნებართვა თავადვე შეაჩერა, რადგან საკრებულოში მოქალაქეთა ნაწილმა პეტიცია წარადგინა, პეტიციას 520 მოქალაქე აწერს ხელს. საკრებულომ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის რეკომენდაციის მიხედვით, იმსჯელებს ხაშურის მერი.

Print