სურამში რაგბის სტადიონის მშენებლობის პროცესში მეწყრული კერები
გაჩნდა. როგორც მორაგბეები იტყობინებიან, ამჟამად, მშენებლობის
პროცესიც შეჩერებულია. 2025 წლის თებერვლის შემდეგ, ინსპექტირების
ჯგუფს დასკვნა აღარ გამოუქვეყნებია.
ხაშურის მერიასა და სამშენებლო კომპანიას შორის გაფორმებული
ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის 30 ივნისს ეწურებოდა, თუმცა ,,ჰედეფ
ჯორჯიამ'' ვადის გადაწევა 20 აგვისტომდე მოითხოვა.
წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მეწყრული პროცესები 2024 წლის
ივნისში წარმოიშვა, რაც მშენებელი კომპანიისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
პროექტი 2023 წლის აგვისტოში საპროექტო ორგანიზაცია ,,არიშმა''
შეადგინა. პროექტის მიხედვით გეოლოგიური მდგომარეობა 2023 წლის
აგვისტოში იყო შესწავლილი. ამ დასკვნის საფუძველზე, ხაშურის მერიამ
ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში 2024 წლის აპრილში ,,ჰედეფ ჯორჯიამ''
გაიმარჯვა. პროექტის ღირებულება 1,04 მლნ ლარია.
პროექტის მიხედვით, უნდა მომხდარიყო ძველი სტადიონის
შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და ახლის აშენება, კერძოდ, ახალი
ტრიბუნების, გასახდელების და სადრენაჟე სისტემების მოწყობა.
2024 წლის ივნისში მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის
გამო, ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა წერილი გაუგზავნა პროექტის
ავტორს, შპს ,,არიშს'', შემდეგი შინაარსით:
,,მიწის ფერდობის დამუშავებისას წარმოიშვა ნახეთქები-ნაპრალები, რამაც
გააჩინა მეწყრული კერები და გამოიწვია გრუნტის ჩამოშლა ზედა ქუჩის
მხრიდან, სადაც გადის საავტომობილო გზა. ასევე მშენებელი კომპანიის
ცნობით, საძირკვლისთვის გრუნტის დამუშავებისას გამოჩნდა შიდა წყლები,
აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე სამშენებლო ორგანიზაცია ითხოვს
საპროექტო ორგანიზაციის მივლინებას აღნიშნულ ობიექტზე შექმნილი
საკითხების გადასაწყვეტად.'' - სწერს ხაშურის მერი საპროექტო
ორგანიზაციას.
ფოტოზე: 2024 წლის
ივნისი
საპროექტი ორგანიზაცია იმყოფებოდა სურამში და მეწყრული პროცესების
განვითარების შესახებ ხაშურის მერს შემდეგი შინაარსის წერილი
გაუგზავნა:
,,2024 წლის 19 ივნისს
ვიმყოფებოდით აღნიშნულ ობიექტზე და გავეცანით შექმნილ ვითარებას.
პროექტის განუყოფელი ნაწილია გეოლოგიური კვლევა ძიების ანგარიში და
მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოს
მშენებლობის დაწყებამდე სამშენებლო ორგანიზაცია. სამშენებლო
ორგანიზაციამ, მათი ინფორმაციით, ობიექტზე სადემონტაჟო სამშენებლო
სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის აპრილის თვეში.''
,,მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის V თავში (სადემონტაჟო
სამუშაოებთა წარმოების მეთოდები) აღნიშნულია ძირითადი მეთოდები როგორ
უნდა მოხდეს სადემონტაჟო სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულება. ასევე
აღნიშნულია, რომ ,,სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად
უნდა დამუშავდეს სამუშაოთა წარმოების პროექტი, რომელშიც დეტალურად
იქნება მოცემული სამუშაოთა წარმოების მეთოდები", რომელიც სავარუდოდ არ
შეუდგენია დღემდე სამშენებლო კომპანიას. სამშენებლო კომპანიის მიერ
სადემონტაჟო სამუშაობი ჩატარდა ერთიანად და არა ეტაპობრივად, რთული
რელიეფის შესაბამისად, ასევე ახალი შენობა ნაგებობისთვის მოიხსნა
გრუნტის დიდი მასა, მთლიანი საპროექტო ტრიბუნის მოსაწყობად. სამუშაები
უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად, სამშენებლო ორგანიზაციის მიერ
შემუშავებული სამუშაოთა წარმოების პროექტის შესაბამისად.''
ფოტოზე: 2024 წლის ივნისი
,,იმ პერიოდისთვის
ზედაპირული ნალექების უხვმა რაოდენობამ გამოიწვია გრუნტის ჩამოშლა.
დიდი ალბათობით ფერდის გაშიშვლების დროს, უხვი ნალექის გამო მოხდა
გრუნტის წყლების გამოდინება და წყალი მოხვდა საძირკვლისთვის გაჭრილ
ქვაბულში. არსებული სიტუაცია დღევანდელი მდგომარეობით დიდ საფრთხეს
უქმნის ფერდის მდგრადობას.
,,სტადიონის მოსაწყობი ტრიბუნის მშენებლობა მიმდინარეობს 741,56
ნიშნულიდან 750,39 ნიშნულამდე საყრდენი კედლის ჩათვლით - საკადასტრო
საზღვრებში 69.04.60.304, არსებული გზა კი მდებარეობს 754,55 ნიშნულზე
- საპორექტო ტერიტორიის საკადასტრო საზღვრებს გარეთ.''
,,გამომდინარე იქიდან, რომ საყრდენი კედლის ნიშნულსა და გზის ნიშნულს
შორის სხვაობა 4,16 მეტრია, დაუყოვნებლივ საჭიროა მოხდეს ფერდის
გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება გზის უსაფრთხოების მიზნით. ჩვენს
მიერ დამუშავებული მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის დასკვნით
სარეკომენდაციო ნაწილში მითითებული გვაქვს, რომ ტრიბუნის დემონტაჟის
დროს საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნას საყრდენი კედლის
მოწყობა ფერდის ჩამონგრევის თავიდან აცილების მიზნით. რადგანაც
დღევანდელი მოცემულობით უკვე ფაქტიურად შეუძლებელია ქვაბულიდან ფერდის
გამაგრებითი სამუშაოების წარმოება, სამუშაოები უნდა შესრულდეს ქუჩის
მხრიდან ხიმინჯების მოწყობით. გამაგრებითი სამუშობის ჩატარების შემდეგ
შესაძლებელია გაგრძელდეს მშენებლობის პროცესი.''
ფოტოზე: 2024 წლის ივნისი
სამშენებლო სამუშაოები
უნდა შესრულდეს, სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით,
დამკვეთის და სამუშაოებზე საზედამხედველო ორგანოს პასუხისმგებლობის
ქვეშ. პროექტის მსვლელობის დროს ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნის გამო
სასწრაფოდაა მისაღები გადაწყვეტილება და საპროექტო დოკუმენტაციის
დამუშავება დამატებითი სამუშოებისთვის. დამატებითი სამუშაოებითვის
შესაძლებელია შედგეს ახალი საპროექტო, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია,
რომელიც განფასდება შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ საბაზრო ფასებში.
აღნიშნული სამუშაოების შეფასება და მისი დადასტურება უნდა მოხდეს
დამკვეთის მიერ, შემსრულებელი ფირმის პასუხისმგებლობის ქვეშ
- წერია ,,არიშის'' დასკვნაში.
მომდევნო წერილებში ირკვევა, რომ ,,ჰედეფ ჯორჯიამ'' მუშაობა გააგრძელა
საპროექტო ორგანიზაცია ,,არიშის'' რეკომენდაციების გათვალისწინებით.
სამუშაოები ზამთრის პერიოდში შეჩერდა, გაზაფხულიდან კი განახლდა.
შემდეგ ისევ, როგორც წერილით ირკვევა, ამინდები აირია. 2025 წლის 30
ივნისს ,,ჰედეფ ჯორჯია'' ხაშურის მერს ატყობინებს, რომ ამინდები
გამოვიდა და მუშაობის განახლებას შეძლებს, რისთვისაც ვადის გადაწევა
20 აგვისტომდე მოითხოვა.
რა მოხდება 20 აგვისტოს შემდეგ, ეს ჯერ უცნობია.