ახალი ამბები
პირველი ახალშობილი გორში ახალი წლის ღამეს
გორის სამედიცინო ცენტრ ,,იავნანში" 1-ელ იანვარს ახალშობილი გოგონა დაიბადა. ის სოფელ ხიდისთავიდანაა - ანასტასია ჯობინაშვილი.

,,იავნანას" ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, პატარა ანასტასია 1 იანვარს 22:35 სთ-ზე დაიბადა.

ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში კი 1 იანვარს ახალშობილი არ დაბადებულა. ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის ორი სამშობიარო კლინიკა - ,,იავნანა" და ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკა ემსახურება.

,,იავნანას" წარმომადგენლის ვასილ სიმონიას ცნობით, 2018 წელს მათ კლინიკაში 1051-მდა დედამ იმშობიარა, ხოლო ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში - 518-მა. ჯამში 2018 წელს 1569 დედამ იმშობიარა:

,,ზუსტ სტატისტიკას ვამუშავებთ. შესაძლოა ბავშვების რაოდენობა მეტი იყოს, რადგან იყო შემთხვევები ტყუპების დაბადების. მშობიარეთა რიცხვს რა თქმა უნდა ბავშვების რაოდენობა აღემატება" - გვითხრა ვასილ სიმონიამ.

რაც შეეხება 2017 წელს, შარშან 1 იანვარს გორის სამშობიარო სახლებში ოთხი ბავშვი, სამი გოგონა და ერთი ვაჟი დაიბადა. 2016 წლის პირველ იანვარს კი, ,,იავნანაში" ერთი ვაჟი, ხოლო გოგიაშვილის კლინიკაში, ასევე, ერთი ვაჟი დაიბადა.

 

Print