ახალი ამბები
გორის საოლქო კომისიაში ოქმებთან დაკავშირებით ,,ენმ"-ს 5-ვე საჩივარი განუხილველი დატოვეს
გასაჩივრების წესის დარღვევის გამო, გორის საოლქო კომისიამ ,,ენმ"-ს 5 საჩივარი განუხილველი დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის საჩივრები იმ პირმა შეიტანა, რომელიც არაუფლებამოსილი პირი იყო.

,,ენმ"-ს საჩივრები ეხებოდა შემაჯემებელ ოქმებს, სადაც ციფრები გადასწორებულია, ხოლო რიცხვებს შორის ბალანსი არ დგება.

ასე მაგალითად, ზერტის ერთ-ერთ უბანზე გადასწორებულია ,,პატრიოტთა ალიანსის" ხმები, ხოლო მიღებულ ბიულეტენების რაოდენობასა და ამომრჩეველთა სიაში ხელმომწერთა რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა.

რაც შეეხება სხვა საჩივრებს, 4 ნოემბერს, გორის საოლქო კომისიამ ,,სამართლიანი არჩევნებისა" და ,,საიას" 13 საჩივარი განიხილა. ეს საჩივრები 9 უბანზე შედგენილ შემაჯემებელი ოქმების სისწორეს ეხებოდა.

საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, 7 უბნის თავმჯდომარესა და მდივანს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრა, ხოლო ორ უბანზე ხმები ხელახლა გადაითვალეს.

დღეს საოლქო კომისია ,,ლელოს" იურისტის საჩივარს განიხილავს. ,,ლელო" 39 უბნის შედეგების გაუქმებას და ხელახლა გადათვლას ითხოვს.
Print