საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება 25 თებერვლიდან. ამის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ, საგანგებო
ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული
გადაწყვეტილებით:
• სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან
არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული
დაცვით;
• სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე
ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
• საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25
თებერვლიდან;
• რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ
შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8
მარტიდან;
• ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე
დაწესებული შეზღუდვა;
• რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და
სტანდარეტბის ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხირდან
მკაცრად გაკონტროლდება;
• კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით
განახლდება 1 მარტიდან;
• სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან
განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;
• სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო,
ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების
20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
• უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული,
ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ
ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის
აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან;
• სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;
• მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;
• თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და
ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად
აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის
დასწრებით) 1 აპრილიდან;
• არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება
როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8
მარტიდან;
• საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში
ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ
შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს
საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ
ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.
სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ
რეჟიმს.
• ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლით შეზღუდვების შემსუბუქებაზე
გადაწყვეტილებები მიიღება მიმდინარე ეპიდვითარების ანალიზის
საფუძველზე. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან
გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი
ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს.